მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ დასაქმება არ იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს გარემოში ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ" - ქეთი ბოჭორიშვილი

60ae6871aec22
ელენე გოგბერაშვილი
26.05.21 23:30
1042
სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 108 ათასით არის შემცირებული. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ  2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში დასაქმებულად 782.8 ათასი ადამიანი ითვლება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108 ათასით ნაკლებია. შესაბამისად, COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანაში ანაზღაურებადი სამუშაო 108 ათასით ნაკლებ ადამიანს აქვს.

დაქირავებით დასაქმებულებთან ერთად - 25 ათასით, 345.7 ათასამდე შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობაც. ჯამურად კი, როგორც დაქირავებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა 132.9 ათასით არის შემცირებული.

საქსტატის თანახმად, ამ კლების გამო საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური დონე 21.9%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები შვიდი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 2020 წელს კი საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით 18.5%-მდე გაიზარდა.

არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის სტიმულირებაში ხედავს გამოსავალს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ქეთი ბოჭორიშვილი BMG-თან საუბარში განმარტავს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტშიც არის გაწერილი, თუმცა სტრატეგია მხოლოდ ფურცელზე დარჩა და ამ მიმართულებით ის მიზანმიმართულ აქტივობებს ვერ ხედავს. მისივე თქმით, საკითხი კომპლექსურია და მხოლოდ თანმიმდევრული პოლიტიკით შეიძლება გადაწყდეს.

„თუნდაც ინვესტიციების შემცირება პირდაპირ კორელაციაშია უმუშევრობის ზრდასთან, უნდა განვიხილოთ იგივე სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმები... ეს ყველაფერი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება არის სწორედ ის პირველი ნიშანი, რაც მიუთითებს დასაქმებაზე. თუ დასაქმება არ იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს გარემოში ჩვენ რაღაც შეცდომებს ვუშვებთ, რადგან ბიზნესს არ აქვს არც განცდა, განწყობა,  სურვილი და არც შესაძლებლობა გაიზარდოს და დაასაქმოს ადამიანები.

სახელმწიფო ვერასდროს შექმნის იმ რაოდენობის სამუშაო ადგილებს, როგორსაც კერძო სექტორი, ეს უნდა გამოვრიცხოთ. სახელმწიფო უნდა იყოს პირიქით ეფექტური, პატარა და უნდა შეძლოს იმ ეკოსისტემის შექმნა, რითაც სტიმულს გაუჩენს კერძო სექტორს. კერძო სექტორი კი მოახდენს დასაქმებას. ამ ყველა მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ნაბიჯებს, იგივე პანდემიის დროს ვერ ვხედავდით კერძო სექტორის ხელშეწყობის პროექტებს“, - აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.