მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ დასაქმებულს 4-11 მაისს დასვენება ენდომება, მათ მუშაობას ვერავინ აიძულებს" - დამსაქმებელთა ასოციაცია

6081b0b3ad52e
ანუკა ჯოხაძე
23.04.21 00:30
17949
მთავრობის მიერ გამოცხადებული მორიგი უქმეები, კერძოდ, 4-11 მაისს დასვენება, შრომითი კოდექსით გათვალისწინებული არაა, შესაბამისად, როგორც იურისტები ამბობენ, დამსაქმებელმა და დასაქმებულმა მოლაპარაკების საფუძველზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დაისვენონ თუ არა. მაგრამ როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელძღვანელი შალვა ცხაკაია ამბობს, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულს ამ დღეებში დასვენება ენდომება, მათ მუშაობას ვერავინ აიძულებს.

“ის დასაქმებულები, ვისაც ენდომება აღნიშნული დღეების გამოყენება, მათ ვერავინ აიძულებს მუშაობას. თუმცა, ისინი ვალდებულები იქნებიან აანაზღაურონ ეს დღეები მომავალ შაბათ-კვირებში. ჩვენი გამოცდილებით არ გვქონია ამ მიმართულებით სადავო საკითხები. არ გვსმენია, რომ ვერ შეთანხმდნენ დასაქმებული და დამსაქმებელი. ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის პანდემიიდან გამომდინარე მდგომარეობა. თუ კი შესაძლებლობა არის კომპანიაში, მიიღება გადაწყვეტილება და ისინი გადადიან ისედაც დისტანციურ რეჟიმზე ან ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი დამატებით დასვენებასაც აძლევს დასაქმებულს“, - აცხადებს შალვა ცხაკაია.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. მთავრობის განცხადებით, "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების მეორე შემთხვევაა. მიმდინარე კვირას საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა.