მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ჰესები არ ავაშენეთ, ტარიფი 6 ცენტი იქნება, თუ 30, დიდი მნიშვნელობა არ ექნება"

61ddb8de3a8bb
დავით ჯალაღონია
11.01.22 23:20
890
ენერგოსექტორის წარმომადგენლები დარგში არსებული პრობლემების განსახილველად ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან შეხვედრას გეგმავენ.

კერძო სექტორი ნათია თურნავას მოადგილეს, რომელიც სწორედ ენერგეტიკას კურირებს, საკუთარ ხედვებს გააცნობს, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ინვესტორების მოზიდვა.

როგორც BMG–სთან მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა, ბიზნესთან მიქაუტაძეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე ჰქონდა, თუმცა დეტალურად თემების განხილვა უკვე იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.

“ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ახალ წლამდე. არის უამრავი გამოწვევა და ზედაპირულად ვისაუბრეთ დარგში არსებულ გამოწვევებზე. ახალი წლების შემდეგ გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვფიქრობ, კარგია, რომ ახალი მოადგილე დარგს იცნობს, მოტივირებულია და აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში. გამოწვევა ძალიან ბევრია. ძირითადი გამოწვევაა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, რაც ხელს უშლის დღეს იმ პროექტებს, რაც გაჩერებულია. ასევე, არის ფინანსური თანადგომა პროექტებისა, რაც მოიაზრებს PPA-ს და Feed-in-premium-ს და ასევე, ის ბაზარიც, რომელიც ძალიან მალე უნდა ჩაეშვას მოქმედებაში”, – აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

რაც შეეხება ინვესტორებისთვის საინტერესო ფინანსური მხარდაჭერის სქემას, ამ კუთხით შეთავაზებები კერძო სექტორის ნაწილს უკვე მზად აქვს, მათ შორის არის მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა განახლებადი ენერგიებით დაინტერესებულ პირებს სახელმწიფომ მინიმალური ტარიფი შესთავაზოს, რასაც გარკვეული პერიოდის მანძილზე, ის გარანტირებულად მიიღებს. არის სხვა მოსაზრებებიც, თუმცა უმთავრესი მაინც დღეს არსებული ყველაზე მწვავე პრობლემის - ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოგვარებაა, რაზეც ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთანაც იქნება საუბარი.

“არის ჩვენი მხრიდან შეთავაზებები, მაგალითად ის, რომ თუ PP კანონის (კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი) ფარგლებში ზედა ზღვარი 5.5 ცენტის სახით არის, უნდა არსებობდეს ქვედა ზღვარიც, რომ ინვესტორმა იცოდეს, რის ქვემოთ არ ჩამოვა ტარიფი, რომ ფინანსური მხარდაჭერა ბანკებისა და საინვესტიციო ფონდებისგან მარტივი იყოს.

ასევე, იდეის დონეზე არის ასეთი მექანიზმი, რომ თუ პირობითად, ზამთრის თვეებშია ეს წახალისება, კომპანიას და ინვესტორს ჰქონდეს არჩევის საშუალება და ზაფხულის თვეებშიც იყოს მსგავსი მხარდაჭერა. არის რაღაც საკითხები, რაც კიდევ დამუშავების პროცესშია და ჩვენს წინადადებებს წარვადგენთ, თუმცა მიმაჩნია, რომ როგორი კანონიც არ უნდა დავწეროთ და როგორი მექანიზმიც არ უნდა არსებობდეს ინვესტიციის წახალისებისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერ მოვაგვაროთ ჩვენი სოციალური საკითხები, რეგიონებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია იყოს, რადგან ჩვენ თუ ჰესები არ ავაშენეთ, 6-ცენტიანი ტარიფი იქნება, 7-იანი თუ 30-იანი, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია, მოვაგვაროთ ფუნდამენტი, რაც არის ის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავიაზროთ კარგად და ყველას ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა სარგებელი აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჰიდროს, მზისა თუ ქარის ენერგეტიკა", – განმარტა გიორგი მარგებაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერისთვის მთავრობამ 2020 წელს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვრის ფარგლებში. მაგალითად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ფასი ბაზარზე 1 ცენტი თუ იქნება, სახელმწიფო ელექტროსადგურს 1.5 ცენტზე მეტად მაინც არ დაეხმარება, 5-ცენტიან ელექტროენერგიაზე კი ინვესტორი მხოლოდ 0.5 ცენტს მიიღებს.

ეს სქემა (Feed-in-premium) მას შემდეგ შემუშავდა, რაც მთავრობა ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს აღარ უფორმებს.

BMG დაინტერესდა, რამდენად მოთხოვნადია ზემოთ აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ინვესტორებისთვის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს შემდეგი კითხვებით მიმართა: რამდენი და რომელი პროექტების ინვესტორებს აქვთ გაფორმებული მთავრობასთან მემორანდუმი/ხელშეკრულება, განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი მექანიზმით სარგებლობის გათვალისწინებით? განვითარების რა ეტაპზე არის ეს პროექტები და რომელ წლებშია მათი ექსპლოატაციაში შესვლა დაგეგმილი? რა არის მათი დადგმული სიმძლავრე და საინვესტიციო ღირებულება?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, სხვადასხვა ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და შემდგომ მშენებლობის მიზნით სახელმწიფოსთან 6 მემორანდუმია გაფორმებული. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრეა 67.22 მეგავატი, საინვესტიციო ღირებულება - 86 მილიონ 577 ათასი აშშ დოლარია.