მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ინტერესი არ არსებობს, საქმე შეიძლება წლობით გაგრძელდეს" - რა ხარვეზებია სასამართლო სისტემაში?

62ca71311a756
ელენე გოგბერაშვილი
10.07.22 11:49
1022
გაჭიანურებული სასამართლო დავები, ხარვეზები საქმეთა განაწილების სისტემაში და მოსამართლეთა არასათანდო კომპეტენცია - ეს საკითხები დღევანდელი მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია, რაზეც როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე პრაქტიკოსი იურისტები საუბრობენ.

საქმეების ელექტრონულად განაწილება სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დანერგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე იყო, რომლის მიხედვითაც საქმეები შემთხვევითობის პრინციპით უნდა განაწილდეს, თუმცა როგორც ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, ბოლო წლებში საქმეთა მესამედზე მეტი ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება და ამ მხრივ, გაუმჯობესება არ შეინიშნება. ამავე ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, 2020-2021 წლებში ჯამურად, 537 929 საქმე განაწილდა, აქედან შემთხვევითი პრინციპის დაცვით მხოლოდ 333 485.

"როცა ეს სისტემა დაინერგა ძალიან საინტერესო და პოზიტიური სიახლე იყო. საქმეები უნდა განაწილებულიყო შემთხვევითი პრინციპის დაცვით, წინასწარ იმის ცოდნის გარეშე, რომელ მოსამართლეზე განაწილდებოდა საქმე, ეს მათ შორის უზრუნველყოფდა მოსამართლეების დამოუკიდებლობას, ასევე პროცესის მართლმსაჯულების სამართლიანობას და დაიცავდა სასამართლო პროცესებს გარე, თუ შიდა ზეგავლენისგან. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რასაც ვხედავთ არის ის, რომ არც პარლამენტი და არც იუსტიციის საბჭო ამის გაჯანსაღებით არ არის დაინტერესებული. სისტემაში არის უამრავი პრობლემა. ჩვენ ტექნიკური უზრუნველყოფაც კი როგორ ხდება არ ვიცით, ამ სისტემას ვინ იცავს, წვდომა ვის აქვს ამ სისტემაში მოდიფიკაციები განახორციელოს, ესეც კი არ არის ცნობილი. განსაკუთრებით იუსტიციის საბჭო  ძალიან ბევრ საკითხზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაცემები სტაბილურია და ყოველი 3-დან 1 საქმე ზუსტად ამ პრინციპის დაუცველად ნაწილდება კონკრეტულ მოსამართლეზე.

ძალიან დიდი პრობლემაა დისციპლინური სამართალწარმოების თვალსაზრისითაც, რადგან მოსამართლეები ხშირად არღვევენ სამართალწარმოების ვადებს. ეს მე წარმომიდგენია, რომ ბიზნესისთვის ძალიან პრობლემური საკითხია, როცა პროცესი იწელება წლების განმავლობაში და ვერ იღებ სამართლიან და დროულ მართლმსაჯულებას. და ამაზე თუ მოსამართლეზე დისციპლინურ საჩივარს წარადგენ, ეს პროცესიც გაწელილია და შესაბამისად ძალიან ჭირს, რომ სამართლიან მართლმსაჯულებაზე, დროულ მართლმსაჯულებაზე გჰქონდეს ხელმისაწვდომობა",-აცხადებს ანა პაპუაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი.

სასამართლოებში საქმეთა შემთხვევით, ელექტრონულად განაწილება, რა თქმა უნდა ეს არ არის დღევანდელი სასამართლო სისტემის ერთადერთი ხარვეზი. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი დისციპლინურ გადაცდომებს, რაც იწვევს, როგორც სამოქალაქო, ისე ბიზნეს დავების დროში გაჭიანურებას.

„ხარისხიანი მართლმსაჯულების შემადგენელი კომპონენტია მისი დროულობა. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სწორედ საქმეების გაჭიანურებაა, რაც არის კიდეც დისციპლინური გადაცდომა მოსამართლეების მხრიდან, მაგრამ ასეთი შემთხვევები ასევე არის საკმარისი რეაგირების ქვეშ, ობიექტურად არ არსებობს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები ქვეყანაში. ცხადია საქმეების გაჭიანურება, მათი დაგვიანებით განხილვა არამხოლოდ უფლებრივი საკითხია, არამედ ეკონომიკური საკითხიც, მათ რამდენად შეიძლება ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მათი სამართლებრივი კონფლიქტები წაიღონ სასამართლოში. ამიტომ, როცა ასეთი მოტივაცია არ არსებობს, ეს ეკონომიკურ კონტექსტზე და მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სასამართლოებში ჩვენ გვყავდეს საკმარისი რაოდენობის მოსამართლე ყველა რგოლში და საქმეები განიხილებოდეს ადექვატურ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, რათა არ იყოს შექმნილი ეს ბარიერი, რათა ინდივიდუალურ თუ იურიდიულ პირებს არ დაუვარდეთ მოტივაცია, რომ მათი სამართლებრივი კონფლიქტები წყდებოდეს მართლმსაჯულების ფორმალური მექანიზმებით“,-აცხადებს გურამ იმნაძე "სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი".

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელი კახა წიქარიშვილი კი ამბობს, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის გვერდის ავლით ხდება მათ შორის ბიზნეს დავების წარმოებაც. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს პროცესების დროში გაჭიანურებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოსამართლეთა კომპეტენციაც, რაც მისი თქმით, ხელს უშლის დავების კვალიფიციურ და დამოუკიდებლად გადაწყვეტას.

„ბიზნეს დავები ისევე ჭიანურდება, როგორც სხვა კატეგორიის დავები. თუკი საქმეში არ არსებობს რაიმე ინტერესი, საქმე შეიძლება წლობით გაგრძელდეს და თუ საქმეში არსებობს ინტერესი, ის შეიძლება გადაწყდეს მომენტალურად, 2-3 კვირის განმავლობაში. იმის მიხედვით, თუ რა ინტერესი არსებობს საქმეში შეიძლება მოსამართლემ საქმე დააჩქაროს ან შეანელოს, ესეც არის მანიპულირების მექანიზმი.

დღეს არსებული სასამართლო სისტემა არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის, ვინაიდან გარკვეული არ არის რა წესებით მოქმედებს, მოქმედებს კორუფციული სქემებით, კომპეტენციით, დამოუკიდებელი მოსამართლეებით თუ ჩაწყობით და ფავორიტიზმით. დღეს არსებული ბიზნეს კლიმატი, მნიშვნელოვნად არის გაუარესებული იმის გამო, რომ სასამართლო სისტემა არ უწყობს ხელს ამ დავების კვალიფიციურად და დამოუკიდებლად გადაწყვეტას.

მე არ ვარ პრაქტიკოსი ადვოკატი, მაგრამ ძალიან ხშირად მომისმენია პრაქტიკოსი ადვოკატების ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნეს დავებში მოსამართლეების კვალიფიკაცია არის დაბალი. მათ არ აქვთ ასევე ნდობა უზენაესი სასამართლოს მიმართ. ვინაიდან უზენაესი სასამართლოს კვალიფიკაცია არანაირად არ აღემატება ზოგ შემთხვევებში სააპელაციო ან პირველი ინსტანციის მოსამართლეების კვალიფიკაციას“,-აცხადებს კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელი.