17.ნოემბერი .2021 15:35

"თუ მართლა გვინდა, წამლებზე ფასი შემცირდეს, რეფორმები უნდა გატარდეს“ - ნინა კობახიძის მოსაზრება

"თუ მართლა გვინდა,  წამლებზე ფასი შემცირდეს, რეფორმები უნდა გატარდეს“ - ნინა კობახიძის მოსაზრება
views 800
უკან

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნინა კობახიძის აზრით, მედიკამენტებზე ფასის კლებისთვის პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე კონტროლის დაწესებაა მნიშვნელოვანი. „ვგულისხმობ ოჯახის ექიმების კონტროლს, ხომ არ უნიშნავენ პაციენტს ერთი და იგივე შემადგენლობის რამდენიმე მედიკამენტს“, - თქვა მან BMG-სთან და იქვე დასძინა, რომ მსგავსი კონტროლის პირობებში, მედიკამენტებისთვის კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული დანახარჯი სახელმწიფოსთან შედარებით დაბალია.

“ჩემი აზრით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის შედეგად, რომლის პირველადი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ყველაფერი, რომ მედიკამენტების ფასებზე 100%-იანი ნამატი არ არის. ზოგადად, პოლიფარმაციას მსოფლიოში ვერავინ ერევა. თუ მართლა გვინდა, რომ წამლებზე ფასი შემცირდეს, რეფორმები უნდა გატარდეს, რაც გულისხმობს პაციენტების ისტორიის მართვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რათა შეფასდეს ამ პაციენტს ახალი მედიკამენტები უნდა დაენიშნოს თუ - არა. სპეციალისტების შემთხვევაში მონიტორინგის სისტემა უნდა ამოქმედდეს. სადაზღვევო ინდუსტრიასა და საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯებს შორის, დაახლოებით, 35%-იანი სხვაობაა ანუ თუ სახელმწიფო ხარჯავს ბევრად უფრო მეტს მედიკამენტების ანაზღაურებაზე ან ჯიბიდან გადახდები უფრო მაღალია, სადაზღვევო ინდუსტრია კონტროლის მართვისა და სწორად დანიშნული მედიკამენტების ფონზე 30%-იან დანაზოგს აკეთებს”, - აცხადებს ნინა კობახიძე.


ამასთან, მედიკამენტების ფასებზე საუბრისას "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ წამლების ღირებულებაზე ყველაზე დიდი გავლენა დოლართან მიმართებით ლარის კურსს აქვს.

„მედიკამენტების ბაზრისთვის ყველაზე დამანგრეველი არის დოლარის კურსი, რომელმაც, მაგალითად, შარშან სადაზღვევო ინდუსტრიას მედიკამენტები 15%-ით გაგვიძვირა; ასევე არის ხარისხი. დღეს სახელმწიფომ რაც უნდა გააკონტროლოს, პირველ რიგში, მთავარია, ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტის შემოსვლა, რადგან როცა ერთი მედიკამენტი არ მუშაობს, ექიმს ავტომატურად მეორეს დანიშვნა უწევს. სწორია კონკურენციის სააგენტოს პირველადი დასკვნა, სადაც ის სწორად აღწერს რეალობას, რაც ხდება. მეორე სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს პირვლადი ჯანდაცვის რეფორმა გვინდა თუ - არა. მესამე არის სადაზღვევო ბიზნესის ჩართულობა იმაში, რომ პაციენტების მართვის სწორი მონიტორინგი დაიწყოს”, - აცხადებს ის.

თემაზე საუბრისას ნინა კობახიძეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ის მოსაზრებაც შევაფასებინეთ, რომლის თანახმად, „ფარმაცევტულ ბიზნესში არსებობს კარტელური გარიგებები, რომელშიც ექიმები და ფარმაცევტები არიან ჩართული“.

მისივე თქმით, კარტელურ გარიგებებზე განცხადება საკმაოდ ხმამაღალია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ცნობილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები ექიმებს სხვადასხვა ფინანსურ შეთავაზებას უკეთებენ, რათა მათ მიერ წარმოებული მედიკამენტი დანიშნოს და ეს მსოფლიოს პრობლემაა.

“ამ გამოწვევას ებრძვი სწორედ იმ ექიმის კონტროლითა და მონიტორინგით, რომელმაც დანიშნა იმაზე მეტი მედიკამენტი, ვიდრე უნდა დაენიშნა. ასევე სხვა დამატებითი რგოლებით, როგორიც არის ოჯახის ექიმი და სადაზღვევო კომპანია თუ ის მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნა არასწორია”, - ამბობს ნინა კობახიძე და ასკვნის, რომ სადაზღვევო ინდუსტრია პოლიფარმაციას ბევრად უკეთ მართავს. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზეც დაწერა.

"მაგალითისთვის, საქართველოში მედიკამენტებზე სადაზღვევოების და ოჯახის ექიმების დანახარჯები რომ ავიღოთ და მერე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ან ჯიბიდან გადახდების - საგრძნობი სხვაობაა ანუ ინდუსტრია ბევრად უკეთ მართავს პოლიფარმაციის პრობლემას! მოკლედ, ეს ყველაფერი რატომ დავწერე - ექიმს ვერავინ უბრძანებს ახალ წამალზე ინფორმაცია და მოტივაცია არ მიიღოო და ვერც ფარმაცეტულ ბიზნესში ჩაერევი - ახალი წამლისას მარკეტინგული ღონისძიებები არ დაგეგმოო (რაშიც შედის ექიმის მოტივაციაც);

თავიდან დავიწყოთ და გავასწოროთ ყბადაღებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა; 18 წელია, ყოველ წელს ახალ რეფორმას და სტრატეგიას ვისმენთ და რისი მართვაც სახელმწიფოს უჭირს, არ იცის ან არ გამოსდის, დაიხმაროს ბიზნესი", - წერს ნინა კობახიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა