მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ სასტუმრო მწვანეა და სტუმრებსაც “მწვანე პასპორტები" აქვთ, საახალწლო ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია"

619f9a5984a28
მარიამ ვარადაშვილი
25.11.21 20:33
1327

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვის მოხსნა მისაღებია. 

მისივე თქმით, სასტუმროს საკუთარი სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება მიეცა, რაც ჯავშნების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია. 

“რესტორნებისთვის 23:00 საათამდე მუშაობის რეგულაციის მოხსნასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ახალი წლის პერიოდის დაგეგმვა იყო, რაზეც თანხმობა მივიღეთ. დღესდღეობით შემოსული მოთხოვნების ძირითადი ნაწილი ეხება კითხვას, რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა ახალ წელს და სად შეგვიძლია მათი გართობა. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თუ სასტუმრო მწვანეა და იქ შესული ადამიანებიც “მწვანე პასპორტებით” სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია საკუთარი სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს, რაზეც დროის შეზღუდვა არ იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია. უკვე ვიწყებთ პაკეტების მომზადებას და შემდეგ მათ გაგზავნას პოტენციური სტუმრებისთვის”,-აცხადებს ალავერდაშვილი.

დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი განთავსების ობიექტების, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციების, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.  კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები შემსუბუქდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის უსაფრთხოდ განვითარებას და აღდგენას და გააძლიერებს კერძო სექტორს,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.