მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ შეღავათი არ შეგვეხო, პური გაძვირდება" - "ნაღდი პური" დენის სუბსიდიაზე

601ab597aa42f
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.21 23:30
1117
2021 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეწარმეების ნაწილს გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს. შეღავათები საკვები პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს ეხებათ. დაპირებული სუბსიდიით სარგებლობისთვის კომპანიებს რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 27 იანვრამდე უნდა გაევლოთ, მაგრამ უმრავლესობამ ამის შესახებ გვიან ან საერთოდ ვერ შეიტყო.

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიის მიღმა დარჩნენ საკმაოდ მსხვილი პურის მწარმოებლებიც - "იფქლი დიღომი" და აჭარაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პურის საწარმო “ნაღდი პური”, რომელიც 5 ტონა პროდუქტს აწარმოებს და სრულად აჭარას ამარაგებს. კომპანიაში 100 ადამიანი დასაქმებული.

“ნაღდი პურის” დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის ტარიფის შეღავათი არ შეეხებათ, პური გაძვირდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პურის ფქვილსაც ასუბსიდირებს. მისი თქმით, ფქვილისა და ელექტროენერგიის გარდა, გაძვირებულია პრაქტიკულად ყველაფერი, პანდემიურ პერიოდში კი თანამშრომლების ტრანსპორტირებაც უწევთ, რაც დამატებითი ხარჯია. მეწარმეები ეკონომიკის სამინისტროს დახმარებას და რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

“გვეგონა, ავტომატურ რეჟიმში ჩავსხდებოდით სუბსიდირების პაკეტში, ისევე როგორც ავტომატურ რეჟიმში გვერიცხება ფქვილის სუბსიდია…. მოგვიანებით, გავიგეთ, რომ საჭირო იყო რეგისტრაცია, რომლის ვადაც 27 იანვარს ამოიწურა.

საინტერესოა, ხელისუფლება თუ გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ სუბსიდია, ტექნიკური საკითხების გამო რატომ უნდა დავისაჯოთ? აქ ხომ შინაარსია მთავარი, რომ არსებობდეს სოციალური პური და არ გაძვირდეს ის.

არ იყო საკმარისი ინფორმაცია, რომ განაცხადის შევსება მთავრდებოდა 27 რიცხვში, არ ვიცოდით ჩვენ ეს. თუ საკითხი არ მოგვარდა, გადაიზრდება სხვა პრობლემაში, პურის ფასი გაძვირდება, ან ქარხანა გაჩერდება, რადგან ქარხანას მოგება თუ არ დარჩა, ვერ იარსებებს - შენახვა უნდა ტრანსპორტს, შენობას, თანამშრომელს”,- აცხადებს პურის ქარხნის დირექტორი.