მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ შესაბამისი აღსრულება იქნება, ადამიანებიც დაიცავენ წესებს" - ეკონომისტი

5fd8fa0e167cc
მარიამ ადამია
15.12.20 23:30
910
„ახალი რეგულაციებით და დაანონსებული დახმარების პაკეტებით თუკი ვიმსჯელებთ, გაუგებარია საით მიდის სქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მესხმა, გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ის დრო, რომელიც პირველი ლოქდაუნის დროს გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა მომზადების კუთხით, როგორც სამედიცინო, ასევე ეკონომიკური გეგმის გაძლიერების კუთხით, ვერ გამოვიყენეთ და დღეს ვირუსის მასშტაბური გავრცელების ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, სახეზეა ეკონომიკური პრობლემებიც.

„თუკი შიდა ტურიზმი დავუშვით, კარგი იქნებოდა საზღვრებიც გაგვეხსნა და ტურისტებისთვის მიგვეცა საშუალება ჩამოსულიყვნენ ქვეყანაში, მითუმეტეს ევროპა გვაძლევდა ამის საშუალებას. პრობლემაა აღსრულებაც ქვეყანაში. სახელმწიფო გადაწყვეტილებები და მათი შესრულება უნდა იყოს როგორც რაციონალურობის ფარგლებში, ასევე მოწოდების სიმაღლეზე. ბევრი საჯარო მოხელისგან ისმის რეპლიკა, რომ ადამიანები არ იცავენ წესებს. მე ვიტყოდი, რომ თუ აღსრულება იქნება შესაბამისი, ადამიანი დაიცავს წესს. ასევე, თუ გადაწყვეტილება იქნება რაციონალური, მოქალაქეც იქნება მოწადინებული დაიცვას წესი“ - განაცხადა ირაკლი მესხმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დაგროვებული საპენსიო ფონდის ხალხისთვის დაბრუნება ნებაყოფლობითობის პრინციპით, რადგან ამაზე დიდი საჭიროება ადამიანებს ვერ ექნებათ მომავალში, ეს ფული მათ ახლა სჭირდებათ, ფული არ არის არც ეკონომიკაში არც ადამიანთა ჯიბეებში.

„სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მისცეს ადამიანებს საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ დაგროვებული საპენსიო ფონდის ბედი მანამ, სანამ არ დანგრეულა არათუ ეკონომიკა, არამედ ადამიანთა ფსიქიკა. ვფიქრობ, საპენსიო ფონდის საკითხი განხილვას არც კი უნდა ექვემდებარებოდეს. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატის ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ფული უნდა გამოვიყენოთ ბიზნესების დასახმარებლად, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.