მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ხორბლის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, ადგილობრივი წისქვილები არ მოკვდებიან" - "ოქროყანა"

618ba9a15e5ff
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.21 10:15
894
ბოლო თვეების განმავლობაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ფქვილის გაიზარდა. ორივე შემთხვევაში ქვეყნისთვის მთავარ საიმპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. ფქვილისა და ხორბლის იმპორტის დისბალანსის მიზეზი, მეზობელ ქვეყანაში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რომელიც ივნისის შემდეგ მოქმედებს და დღეისთვის 1 ტონაზე 70 დოლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობის გამო, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას არაერთხელ განუცხადებია, რომ ხორბლის იმპორტის კლება ადგილობრივი წარმოების - წისქვილკომბინატების ფუნქციონირებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა, რიგი მათგანი კი დაიხურებოდა. ეს თავის მხრივ დარგსა და მის მომიჯნავე სფეროებზე ჯაჭვური რეაქციით ნეგატიურ გავლენას იქონიებდა.

როგორც BM.GE-მ გაარკვია პროცესი დაწყებულია და წისქვილკომბინატების ნაწილი იძულებითი დახურვის რეჟიმზე გადადის. ერთ-ერთი ასეთი ბათუმში 2007 წლიდან მოქმედი ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო „ოქროყანაა“, რომელიც თვიურად 3 000 ტონამდე ხორბალს ამუშავებდა და ფქვილით აჭარას, გურიას, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთსა და გარკვეულწილად კახეთსაც ამარაგებდა. დღეს წისქვილკომბინატი გაჩერებულია და 50 დასაქმებული იძულებით გათავისუფლებულია.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ნოდარ მელიქიშვილი განმარტავს, საწარმოო პროცესის გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა ხორბლის იმპორტი იმდენად გაუძვირდათ, რომ კომპანია ზარალზე მუშაობდა. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წისქვილკომბინატის ხელმძღვანელს წარმოების ამოქმედების იმედი კიდევ აქვს. მისი თქმით, დღეისთვის წისქვილკომბინატები სახელმწიფოსგან გარკვეული ხელშემწყობი ისეთი მექანიზმების ამოქმედებას ელიან, როგორიც მაგალითად, ხორბლის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადისგან დარგის გათავისუფლებაა, რადგან ბიზნესსუბიექტებმა ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებით კონკურენტულ გარემოში შეძლონ ოპერირება და ადგილობრივი წარმოების ფქვილის რეალიზება კონკურენტულ ფასად შეძლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები ზარალს მიიღებენ და წისქვილკომბინატების უმრავლესობა დაიხურება.

„თუ ხორბლის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება, ადგილობრივი წარმოება არ მოკვდება. წლების განმავლობაში წვალებით აწყობილი ჩვენი ბიზნესი განადგურების საფრთხის წინაშე არ დადგება; ყველა კომპანია სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს და ისედაც კრიზისულ პერიოდში დამატებით დაუსაქმებელი ადამიანები აღარ გვეყოლება.

ვიცით, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაშია და დარგის გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუ სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებებისთვის ხელშემწყობ მექანიზმებს აამოქმედებს, ჩვენ არ მოვერიდებით დამატებით ფინანსურ დანახარჯებს, რომელიც წარმოების გასაახლებლად დაგვჭირდება და მოკლე პერიოდში აღვადგენთ წარმოებას.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ამ საკითხისთვის დრო ალბათ ვერ გამოყო, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუ სახელმწიფო დამატებითი ღირებულების ნაწილში ბიზნესს შეღავათს გაუკეთებს, კომპანიებიდან ამ თანხას მოგების გადასახადის სახით ამოიღებს“, - განმარტავს ნოდარ მელიქიშვილი.

მისი თქმით, წისქვილკომბინატების გაჩერებით სირთულეები ექმნება მეცხოველეობის სფეროსაც, რადგან ხორბლის გადამუშავებით წარმოებები 2 პროდუქტს - ფქვილს და ქატოს იღებენ, რომელიც მეცხოველეობის დარგში საკვებად გამოიყენება.

წისქვილკომბინატის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის ფქვილის იმპორტის განხორციელება უფრო მარტივია, რადგან ამ საქონლის შემოტანა უფრო იაფი ჯდება, რამეთუ რუსეთში ფქვილის იმპორტზე გადასახადი არ არის დაწესებული. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროყანამაც“ ფქვილის პარტიის იმპორტი უკვე განახორციელა, ნოდარ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის, როგორც კონკრეტული ბიზნესსუბიექტისთვის და რაც მთავარია ქვეყნის ეკონომიკისთვის ადგილობრივი წარმოების ამოქმედება უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

„პირველ ეტაპზე 200 ტონამდე შემოვიტანეთ, თუმცა სირთულეები ამ მხრივაც არსებობს. ჩვენ თავად გვიწევს იმპორტის გზების ძიება, რაც თავისებურ დეტალებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ზამთრის პერიოდში სახმელეთო გადაზიდვები უფრო რთულდება და საქონლის შემოტანა ფერხდება, ფქვილის მარაგების შექმნა კი ხორბალთან შედარებით რთულ საკითხს წარმოადგენს. ხორბლის იმპორტისას 2-3 თვის მარაგი შემოგვაქვს, ხოლო ფქვილის იმპორტისას სახმელეთო ტრანსპორტით ხდება იმპორტი და შემოტანა უფრო მეტ დროს მოითხოვს, ახალი პარტიების წინასწარ შემოტანა კი ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ბიზნესები ამ შემთხვევაში ბანკებზე არიან დამოკიდებულნი.

თუ ხელისუფლება დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და წისქვილკომბინატებს გარკვეულ შეღავათებს გაგვიკეთებს, ჩვენ განვაახლებთ კავშირებს ხორბლის მომწოდებელ კომპანიებთან, კვლავ ავამოქმედებთ საწარმოს და მოსახლეობას მივაწვდით პროდუქტს, რომლითაც წლების განმავლობაში ვამარაგებდით“, - უთხრა BM.GE-ს წისქვილკომბინატ „ოქროყანას“ ხელმძღვანელმა.