მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას ქვეყანაში, სადაც ჩადის" - ერეკლე კოკაია

60805e98aa1f3
თამთა ჯიჯავაძე
21.04.21 23:43
1184
"ტურისტმა უნდა იცოდეს, რა ელოდება მას ქვეყანაში, სადაც ჩადის", - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ ტურისტს არ ექნება გარანტია, რომ დღეს არ დაიკეტება მაგალითადმ ბაკურიანი, ბათუმი ან სხვა ქალაქი, ის საქართველოში არ ჩამოვა.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია ზამთრის კურორტები წელს დაიჩაგრა, მაგრამ „გარკვეული გამონათება არის“ და მას იმედი აქვს, რომ ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება.

„იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში იქნება ჯავშნები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, მაგალითად, ისრაელიდან, დუბაიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ, როგორც კი მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა, უცხოელი ტურიპერატორების მოზიდვა დავიწყეთ. დაინტერესება არის და თუ არსებული რეგულაციები არ შემსუბუქდება, მცირე რაოდენობით ჩამოვლენ ვიზიტორები, ხოლო თუ დამატებითი შეზღუდვები იქნება, ჯავშნებიც შესაძლოა შემცირდეს“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ ბიზნესებზეც, რომლებმაც ზამთრის შეზღუდვებს ვერ გაუძლეს და დაიკეტნენ. „მარტში როდესაც ამუშავდა კურორტები, ბევრი სასტუმრო აღარ გაიხსნა. არ უღირდათ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ მესამე ტალღის შეზღუდვები იქნება, კიდევ უფრო მეტი მოთამაშე გამოაკლდება ბაზარს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ისეთი მკაცრი შეზღუდვების, როგორიც ზამთარში იყო. ვინაიდან მსგავსი რეგულაციები შედეგს იმდენს არ იძლევა, რამდენსაც ზიანს აყენებს კერძო სექტორს. ამიტომ ვეუბნებით რომ ჯობია არსებულ რეგულაციებზე კონტროლი გაამკაცრონ, ვიდრე ახალი შეზღუდვები დააწესონ“, - განაცხადა ტურიზმის სფეროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 15-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.