მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმს აქვს უზარმაზარი პოტენციალი"- საქართველო UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

60b8f8f16c88b
BM.GE
03.06.21 19:39
671
საქართველოს არჩევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საქართველოსთვის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„ძალიან კარგი სიახლეა, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს არის მდგრადი ტურიზმის განვითარების გლობალური დღის წესრიგის ხელშეწყობაში ჩართვის შესანიშნავი შესაძლებლობა. საქართველოს ტურიზმის სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუძლია დადებითი წვლილის შეტანა საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევას ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. 

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა. დღეს საქართველო აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად,“ - აცხადებს თურნავა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს კანდიდატურას არჩევნებში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გლობალური ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების გადაწყვეტაში. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველო მიიღებს, ესაა საქართველოს შესახებ ინფორმაციის გატანა და მისი ცნობადობის გაზრდა, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენა როგორც მიმზიდველი, უნიკალური და თან უსაფრთხო ტურისტული გარემოსი. ყველას ვულოცავ ამ დიდ მიღწევას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.