22.აგვისტო .2019 12:27

"TV პირველის" დამფუძნებელი: ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ

views 1530
უკან

"TV პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მისი მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის "თიბისი ბანკის" საქმეზე ბრალის წარდგენას Facebook–ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა", – წერს ვახტანგ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

როგორც BM.GE–ს პროკურატურაში განუცხადეს, წერეთელი უწყებაში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 19:00 საათზე დაიბარეს. 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. 

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). 

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა