08.სექტემბერი .2019 10:55

"თვითდასაქმებულების რაოდენობა შემცირებულია 20%-ით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა"

views 549
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, რაზეც უნდა ვისაუბროთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი ეკონომიკური პრობლემა არის სამუშაო ადგილები. ამის შესახებ მან პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.

გახარიას თქმით, ერთადერთი მიღწევა, რაც ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაა სტატისტიკაში.

“ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ არის ბოლო წლების მუშაობის შედეგი, ეს არის ის, რომ წელს პირველი წელია, როცა თვითდასაქმებულების რაოდენობა 1%-ით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობაზე. ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2018 წელს პირველად იყო 51%, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 49% იყო თვითდასაქმებული. არ განვმარტავ რა პრობლემაა თვითდასაქმება საქართველოში, ყველას კარგად გვესმის. თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირებულია 20%-ით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძირითადი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი ეკონომიკური პრობლემა არის სამუშაო ადგილი და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დასაქმების პრობლემა გადაწყვიტოს გონივრულ ვადაში.

“ყველას უნდა გვესმოდეს, არ უნდა გავცეთ უპასუხისმგებლო დაპირებები და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა გადაწყდება ხვალ, მაგრამ გონივრული ვადა ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ. ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტი გახლავთ თავისუფალი ბაზარი და მისი ერთადერთი საფუძველი არის ეფექტური, ძლიერი ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, შექმნას სამუშაო ადგილები, გაძლიერდეს, რომ მან შეძლოს სოციალური პასუხისმგებლობა დასაქმებულის წინაშე ეფექტურად განახორციელოს. ეს იქნება ძირითადი ფორმულა და პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ”,- განაცხადა პრემიერობის კიანდიდატმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა