მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თვითნებური ქმედებები არავის შერჩება" - მერიაში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელებს ელიან

602a49a7c2122
ინგა მურუსიძე
15.02.21 14:34
1075
"თვითნებური ქმედებები არავის შერჩება" - ასე პასუხობს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დღეს ვაკის პარკში განვითარებულ მოვლენებს. საქმე იმაშია, რომ ინვესტორმა კომპანია "ტიფლის დეველოპმენტმა" ვაკის პარკში, სასტუმრო "ბუდაპეშტის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ტექნიკა მიიყვანა და სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გოგა ზაქაიძე ამბობს, მას ამის სრული უფლება აქვს, მათ შორის სასამართლოს მხრიდან მინიჭებული. ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და კომპანიას მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს და ასევე, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დაჰპირდნენ. 

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. მას იმედი აქვს, რომ საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება.

„იმას, რაც დღეს ხდება, არ დავუშვებთ. მუნიციპალური ინსპექცია დროულად მივიდა ადგილზე და აღკვეთა უკანონო მოქმედება. თვითნებურად მსგავსი ქმედებები არავის შერჩება და ამისთვის ვართ ჩვენც, რომ ეს აღვკვეთოთ. ეს მშენებლობა არის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. არაერთხელ მიოთქვამს და ვიმეორებ, სასტუმრო ვერ აშენდება. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინი რეალობას არის აცდენილი, ფიქრობენ, რომ რაღაცეები გაუვათ, მაგრამ არ გაუვათ. რასაც დღეს ვუყურე, შთაბეჭდილება მაქვს, რომ კომპანიას ჰქონდა მოლოდინი, რომ შევიდოდა ტერიტორიაზე, დაიწყებდა მშენებლობას და ააშენებდა სასტუმროს, ეს ვერ მოხდება, მით უმეტეს თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერი კომპანიის წარმომადგენლებს ურჩევს, გადახედონ თავის შეხედულებებს და მიიღონ ის წინადადებები, რასაც მერია სთავაზობს.

რაც შეეხება წინადადებებს, ირაკლი ხმალაძის თქმით, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ინვესტორისთვის მერიას შეუძლია, ადგილმონაცვლე მიწააა, თუმცა ამას კომპანია არ იღებს. „კომპანია იღებს მხოლოდ ერთ შეთავაზებას ან ააშენოს სასტუმრო, ან მიიღოს 20 მლნ ლარი და ჩვენ ვურჩევთ, დათანხმდეს მიწის ადგილმონაცვლეობას“, - განმარტავს ირაკლი ხმალაძე.

გარდა ამისა, რაც შეეხება ადგილზე რესტორნის აშენების საკითხს, ვიცე-მერის თქმით, ამაზე საუბარი იყო, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა. ირაკლი ხმალაძემ ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობს ინვესტორი, როცა ამბობს, რომ სპეციალური ნებართვა აქვს მიღებული - „იმისთვის, რომ კომპანია სამშენებლო ნებართვამდე მივიდეს, რამდენიმე ეტაპია გასავლელი, მათგან ერთ-ერთი არის სპეციალური ნებართვა და განაშენიანების პირობები, რომელიც გასაჩივრდა სასამართლოში და სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი კანონიერად არის გაკეთებული, მაგრამ მშენებლობის ნებართვა ჯერ მერიას გაცემული არ აქვს.

2013 წელს კანონიერად არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამიტომაც მიდის კომპანიასთან მოლაპარაკება, თუმცა ის არ იღებს მერიის შეთავაზებას მიწის ადგილმონაცვლეობაზე, რადგან მოლოდინი აქვს, რომ ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს და მოახერხებს სასტუმროს მშენებლობას. ეს არ მოხდება, ამიტომ ურჩევნიათ მიიღონ მერიის მხრიდან დაყენებული შეთავაზება მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვბლეობაზე“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც 2013 წელს გაცემულია ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს. საკითხს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით, მერიას მოლაპარაკებების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება.