მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის სექტორს დიდი პოტენციალი აქვს, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები" - USAID

63e49126ebb17
BM.GE
09.02.23 10:34
791
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე მეთხილეობის დარგის გასული წლის შედეგები შეაჯამეს და აღნიშნული მიმართულების სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

კონფერენციის მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული გეგმის, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დღეს მეთხილე ფერმერებს მეტი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მოიყვანონ და მეტი შემოსავალი მიიღონ.

ყურადღება გამახვილდა, პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაზე“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. ამ ეტაპზე, უკვე რეგისტრირებულია 35 ათასამდე ჰექტარი ფართობი. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 17 თებერვლის ჩათვლით გრძელდება (www. rda.gov.ge).

ამასთან, დარგის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში.

„თხილის სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე. სასიხარულოა, რომ დაახლოებით 35 ათასამდე მცირე და საშუალო ფერმერს ვუწყობთ ხელს. ამერიკის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გააგრძელებს თხილის სექტორის მხარდაჭერას, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია გაზარდოს ექსპორტი და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეგიონებში. გვაქვს იმედი რომ უფრო გავაღრმავებთ პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და ხელს შევუწყობთ საქართველოს მდგრად განვითარებას", - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე ენი სტიდიმ.