02.ივნისი .2020 16:01

"აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ხედვა" - როგორ უნდა დავაინტერესოთ ინვესტორები?

views 1159
უკან

"ინვესტორებისთვის გადასახადებისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ პირველ ხუთეულში არ შედის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის“ ეთერში FDI-ის მოსაზიდად საჭირო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

„პანდემია არის ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ეს არის, ასევე, ძალიან დიდი შესაძლებლობა", - ამბობს ის.

როგორც ცნობილია, საერთაშორიო სავალუტო ფონდი წელს საქართველოში FDI-ის 19%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც აბსოლუტურ რიცხვებში ინვესტიციების $241-მილიონიან შემცირებას ნიშნავს.

"ინვესტიციების მოზიდვა არ არის კონკრეტული, ერთი მიმართულებით მუშაობა. ეს არის ყველაფრის ერთობლიობა, კარგი რეგულაციები, კარგი ინფრასტრუქტურა, პროცესების გაწერა, ბიუროკრატიის გაწერა, რომ ინვესტორისთვის ყველაფერი იყოს ცხადი და სტაბილური. აუცილებელია, ასევე, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. ყველაფრის ერთობლიობა კი, იწვევს იმას, რომ ქვეყანა არის ინვესტიციების განხორციელების კუთხით საინტერესო ან არ არის.

ასევე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არსებულ ინვესტორებზე და იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი ჩვენს ქვეყანაში ყოფნით; აქვთ თუ არა მათ სირთულეები, რადგან მათი კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია არსებული ინვესტიციების გაფართოებასთან ან გასვლასთან ქვეყნიდან. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით შევხედოთ ამ ყველაფერს. უფასო მიწის ან გადასახადებისგან გათავისუფლების შეთავაზებაში  ქვეყნის ხედვას ვერ დავინახავთ. საინვესტიციო გარემოში შედის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ფრენები, პირდაპირი რეისები, რკინიგზა, გზა, პორტი და ა.შ. ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული... ინვესტორს უნდა სჯეროდეს, რომ როცა ამ ქვეყანაში შემოვა, მას არ ექნება არანაირი სირთულეები არც დღეს და არც - მომავალში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.