28.იანვარი .2021 23:00

"უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვერ ვაწარმოებთ. არ ვიცით, რა შევთავაზოთ" - ტუროპერატორი

"უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვერ ვაწარმოებთ. არ ვიცით, რა შევთავაზოთ" - ტუროპერატორი
views 2820
უკან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე კვირაში მთავრობის წარმომადგენლები ტუროპერატორებს შეხვდებიან და 1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ტურისტების მიღებისა და საზღვარზე დაშვების წესებს შეიმუშავებენ. ტურისტული კომპანიები კი რომლებიც თითქმის ერთი წელია უმოქმედოდ არიან, მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და პროტოკოლებს ელიან.

BM.GE-სთან საუბარისას ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი აცხადებს, რომ ისინი უცხოელ პარტნიორებთან ვერანაირ მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებენ, ვინაიდან არ იციან რა შესთავაზონ მათ.

კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, რომელსაც წლიურად მინიმუმ 15 000-20 000 ტურისტი შემოჰყავდა და 40 ადამიანს ასაქმებდა, ამბობს, რომ სექტორი უკიდურეს კრიზისშია და თავის გადარჩენისთვის იბრძვის.

„ყველა ტურისტული კომპანია უკიდურეს კრიზისშია. უკვე 1 წელია, რაც სრულად შეუწყდა შემოსავალი ყველას. არ მუშაობს არც ერთი კომპანია და ამ წუთას უცხოელ პარტნიორებთან ვერანაირ მოლაპარაკებებს ვერ ვაწარმოებთ. არ ვიცით რა შევთავაზოთ. ამასთან, ტურიზმის ამოქმედების შემდეგ შეცვლილი იქნება ტურიზმის სპეციფიკა და აბსოლუტურად სხვა მიმართულებებზე უნდა გადავეწყოთ. ამ პირობებში, იმ ბაზრებებზე გავაქტიურდებით, სადაც ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და აქცენტს არაბული ქვეყნების გარდა ევროპასა და ისრაელზე გავაკეთებთ“, - აცხადებს ქეთი დოჭვირი.

თუმცა, გეგმებისა და აქტივობების გასაახლებლად ტურ-ოპერატორებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და პროტოკოლები ესაჭიროებათ.

„სამოქმედო გეგმების დასახვისთვის გვჭირდება ვიცოდეთ პირველ რიგში როდიდან იხსნება ტურიზმი; რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველოში შემომსვლელმა ტურისტმა; როდის მოაიხსნება თვითიზოლაციის და კარანტინის მოთხოვნა; რა პირობები იქნება ვაქცინირებულ ტურისტებზე, დაახლოებითი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცით და მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა - როდიდან აღდგება რეგულარული ფრენები. 1 თებერვლიდან ფრენების აღდგენის დაანონსება არ ნიშნავს, რომ ფრენები აღდგა; უნდა ვიცოდეთ ასევე კონკრეტული მიმართულებები, რაც ვფიქრობ, რომ აპრილ-მაისამდე არ გვეცოდინება, იმიტომ რომ ჯერჯერობით არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმის რომელი მიმართულებით გვექნება ფრენები. ამ ეტაპზე ძალიან მცირე რაოდენობის ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას და თითოეული კომპანიის შემთხვევაში თვეში 4 რეისზეა საუბარი, რაც ვერანაირად ვერ მოგვცემს ტურიზმზე საუბრის საფუძველს",- განაცხადა Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

მისივე თქმით, ზამთრის სეზონი უკვე ჩავარდნილია და ამას არაფერი ეშველება. ახლა კი მათი მიზანი ზაფხულისთვის მაქსიმალურად მომზადებაა. "ამისთვის კი საჭიროა თებერვლისთვის ვიცოდეთ - რა ტიპის პროცედურები ექნებათ გასავლელი ტურისტებს და რომელ ქვეყნებზე რა მოთხოვნები იქნება“, - უთხრა BM.GE-ის ქეთი დოჭვირმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა