მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უძრავი ქონება გაგვაქვს ექსპორტზე" - რამდენი ქვეყნის მოქალაქე ფლობს ბინას "ორბი ჯგუფში"?

62037c4d6c7c5
თათია ჩაფიჩაძე
13.02.22 13:12
3338
2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ორბი ჯგუფმა“ 240 მლნ ლარის ღირებულების ბინები გაყიდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 133 მლნ ლარს აჭარბებდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი BMG-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში აცხადებს, გაყიდვების ზრდის მთავარი მიზეზი პანდემიის პირობებში უძრავი ქონების, როგორც ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო პროდუქტის პოზიციონირება იყო.

„პანდემიის პირობებში, ადამიანები, რომლებსაც ფულადი რესურსები აქვთ დეპოზიტზე, ფიქრობენ, რა უყონ მას. ჩვენ ვფიქრობთ და პოზიციონირებაც ასეთია, რომ ყველაზე მყარი და ნაკლებად თავისტკივილიანი საინვესტიციო პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, უძრავი ქონებაა. ფულადი დეპოზიტიც კი გარკვეული რისკის მატარებელია ადამიანებისთვის, რადგან არ იციან ხვალინდელი დღე ფინანსური ინსტიტუტებისთვის როგორ იქნება. შევძელით ადამიანების დარწმუნება, რომ ეს კაპიტალი უძრავ ქონებაში გადმოეტანათ და ჩვენი პროგნოზი აბსოლუტურად გამართლდა - უძრავი ქონება იყო ერთადერთი დარგი, სადაც ფასები არ დავარდა და პირიქით, გაიზარდა ღირებულებაც და მოთხოვნაც. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ პანდემური წლის ფონზე შევძელით ჩვენი მომხმარებლის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ სწორი ინფორმირება, რამაც 2020 წელს შემოსავლების ზრდა განაპირობა. უკეთესია 2021 წლის მაჩვენებლები, რომელიც ცოტა ხანში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო გახდება", - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

„ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 19 ქვეყანაში  გაყიდვების 55-მდე ოფისს ფლობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ კომპლექსში გაყიდული ბინების 90% 78 ქვეყნის მოქალაქეებზე ნაწილდება, რომელთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის მოქალაქეები. ამასთან, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი იზრდება იაპონიის, ჩინეთის და მალაიზიდანაც.

„დაახლოებით, 55-მდე ოფისი და წარმომადგენლობა გვაქვს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, შესაბამისად, ამ ქსელის განვითარება გრძელდება და რამდენიმე ლოკაცია კიდევ დაემატება. უცხოელების წილი, დაახლოებით, 90%-ია და ის მსოფლიოს 78 ქვეყანას მოიცავს. მოლოდინები ისეთია, რომ თითქოს პოსტსაბჭოთა სივრცე უნდა იყოს განსაკუთრებით დაინტერესებული, თუმცა მინდა თამამად ვთქვა, რომ აქტიურია ევროპული ბაზარი - დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამ მიმართულებიდან საკმაოდ მაღალია აქტივობა. გააქტიურდნენ აზიის ქვეყნებიც - სინგაპური, იაპონია, ჩინეთი, მალაიზია; აქედანაც ბევრი დაინტერესებული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც ახორციელებენ უძრავ ქონებაში ინვესტირებას.

ჩვენ ვთვლით, რომ უძრავი ქონება გაგვაქვს ექსპორტზე, უძრავ ქონებაში ჩადებული უცხოური კაპიტალი ეს იგივეა, რომ ქართული პროდუქცია რეალიზებული იყოს უცხოურ ბაზარზე. ნებისმიერი სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტს, რადგან ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი განვითარების პარამეტრებზე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ისეთი პროდუქტი გვაქვს, რომელსაც ექსპორტი კი არ სჭირდება, არამედ პირიქით, ექსპორტიორი ჩამოდის თავისი ფეხით და ჩამოაქვს ის თანხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში იდება. ამიტომ ლიდერები ვართ ამ კუთხით. ჩვენი მუშაობა და მონდომება საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირპროპორციულად აისახება სხვა კომპანიებზეც, რადგან დიდი ბიუჯეტი, რომელიც გამოიყოფა ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის პოპულარიზაციისთვის, ეს არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტის მომხმარებლისათვის აჩენენს ინტერესს, არამედ სხვა კომპანიების პროდუქტებისთვისაც", - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.