01.ივნისი .2020 12:37

"უკან დაბრუნების, დახურვის და გადაკეტვის არანაირი სურვილი არ გვაქვს" - გიორგი გახარია

views 1262
უკან

უკან დაბრუნების, დახურვის და გადაკეტვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ იძულებული ვართ, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გავხსნათ. არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ხელახალი დახურვის და გადაკეტვის. მთავრობას გააზრებული აქვს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, საკმარისი არ არის, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გავხსნათ და მოქალაქეებს მივცეთ იმის საშუალება, რომ მიიღონ ის შემოსავალი, რომელიც მათ ჰქონდათ“, - განაცხადა გახარიამ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, პირბადეები აუცილებლად ატარონ.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სახის სავაჭრო ცენტრები, მოლები, რესტორნები არის გახსნილი. რეალურად, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი იწვევს ქვეყანაში, ქალაქში, მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის. ბოლო დღეებში გვაქვს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა და ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია.

შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსი დავამარცხოთ. ეს არის გლობალური პანდემია და ვერცერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, ვირუსს ვერ დაამარცხებს. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში, ისე სივრცეში, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. ყველას მოგიწოდებთ, ვატაროთ ნიღაბი მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გახარიამ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა