მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინაში ექსპორტზე 12 ტონა ფოთოლი გავიტანეთ" - დაფნის გადამმუშავებელი საწარმო

619cc3807379a
მარიამ იზორია
24.11.21 10:15
616
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანაში მდებარე დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარის გადამმუშავებელმა საწარმომ "Black sea laurus"-მა დაფნის გადამუშავების სეზონი დაიწყო და უკრაინაში ექსპორტზე 12 ტონა პროდუქტი გაიტანა.

როგორც საწარმოს წარმომადგენელი მიხეილ მელუა bm.ge-სთან განმარტავს, დაფნის სეზონი ახლა დაიწყო და, ჯერჯერობით, უცნობია ჯამში რამდენი ტონა ნედლეულის გადამუშავებას შეძლებენ.

„სეზონი სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო; ჩვენ უკვე შევუდექით გადამუშავების პროცესს და ექსპორტზე უკრაინაში 12 ტონა დაფნაც გავიტანეთ. რაც შეეხება სამკურნალო მცენარეებს, ექსპორტს ევროპაში ვგეგმავდით, თუმცა სიახლეები ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ გვაქვს“ - აღნიშნავს მიხეილ მელუა.

"Black sea laurus"-მა გასულ წელს პანდემიის მიუხედავად 251 ტონა დაფნა გადაამუშავა, ახალი ტექნოლოგიური ხაზიც დაამატა და 30 ტონა დაფნა ექსპორტზე უკრაინაში გაიტანა.

ინფორმაციისთვის, თავდაპირველად საწარმოში ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაახლოებით - 60 000 ლარის ოდენობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ საშუალებით კი, 100 000 ლარის ოდენობით განხორციელდა.

კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. საწარმო 24 ადამიანს ასაქმებს.