28.მაისი .2022 17:00

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკული მეორადი ავტომობილების ფასი შემცირდა"- კავკასიის ავტოიმპორტი

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკული მეორადი ავტომობილების ფასი შემცირდა"- კავკასიის ავტოიმპორტი
views 6680
უკან

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების მოხმარების საშუალო ასაკი 12.2 წლამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკელები ძველ ავტომობილებს შედარებით უფრო მეტი ხნით იყენებენ, ახალი მანქანების შეძენისგან კი თავს იკავებენ.

მოქმედებს თუ არა აშშ-ში ავტომობილების გამოყენების ვადების გახანგრძლივება მეორეული ავტომობილების ბაზარზე და ხომ არ არის ამ ტიპის ავტომობილების დეფიციტი აუქციონებზე - ამ კითხვებით BM.GE-მ „კავკასიის ავტოიმპორტს" მიმართა. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ალექსანდრე ვეკუა განმარტავს, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში ახალი ავტომობილების წარმოება გართულდა და ახალი ავტომობილის შეძენის მოლოდინში ძალიან ბევრი ადამიანი ჩადგა. ამიტომ ავტომობილის შეძენის მსურველები იძულებულები იყვნენ მეორადი ავტომობილების შეძენაზე გადასულიყვნენ, რამაც აღნიშულ ავტომობილებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასი პანდემიის დაწყების შემდეგ 20%-ით გაზარდა. თუმცა მისივე თქმით, თებერვალში უკრაინაში დაწყებულმა ომმა შექმნილი ვითარება დააკორექტირა.

„რუსეთ-უკრაინის ომმა ამ სეგმენტის მანქანების ფასები დააკორექტირა და ფასი დაახლოებით 10%-ით შეამცირა.

უკრაინა მეორეული ავტომობილების ამერიკული ბაზრისთვის საკმაოდ დიდი შემსყიდველი იყო და იქ მიმდინარე ომის გამო, ამ დროისთვის, უკრაინიდან მოთხოვნა განულებულია. სანქციების გამო ამ სეგმენტის მანქანებზე მოთხოვნა რუსეთიდანაც შემცირდა. შესაბამისად, ამერიკამ 2 დიდი მომხმარებელი დაკარგა. ამან კონკურენცია შეამცირა და ფასზეც გავლენა იქონია.

დღეს მეორეული ავტომობილების ღირებულება ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.

ავტოიმპორტიორი კომპანიის გაყიდვების მენეჯერი იმასაც ამბობს, რომ აპრილში ამერიკულ მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა და თუ მანამდე აუქციონებზე ამ ტიპის მანქანების დეფიციტი იყო, დღეს ეს უკვე აღარ შეინიშნება.

„აშშ-ში მეორეული ავტომობილების შესყიდვის აპრილის სტატისტიკას თუ მარტისას შევადარებთ, მოთხოვნა ცალსახად გაიზარდა. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე ფასების შემცირებას, ამ ტიპის ავტომობილებზე ფასის შემცირება დაახლოებით 4-6 თვეში აისახება, როცა ახალ ფასად ნაყიდი ავტომობილები ჩამოვა“, - უთხრა BM.GE-ს ალექსანდრე ვეკუამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა