მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე 12 000-მდე მომხმარებელი გვყავს" – რას გულისხმობს ESCARD-ის ფასდაკლების ბარათი?

63876d30e221e
თინათინ ნატმელაძე
03.12.22 17:43
2120
ESCARD - ასე ჰქვია ბარათს, რომლის საშუალებითაც დასაქმებულ ადამიანებს სხვადასხვა ობიექტისგან ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. მისი თანადამფუძნებელი ნიკო ღუღუნიშვილია, რომელმაც BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სერვისის შექმნის მთავარი მიზანი დასაქმებული ადამიანების წახალისება იყო.

მისივე ცნობით, დაინტერესება ორივე მხარისგან, კომპანიებისა და სხვადასხვა ობიექტისგან საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, შედეგად, ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, ESCARD-ს 12 000-მდე მომხმარებელი და 250-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს.

"სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დროს, სულ ვცდილობდით, რომ ჩვენი თანამშრომლები სარგებლის მიღებით წაგვეხალისებინა, შემდეგ ამ საკითხს კომერციულად შევხედეთ და ასე გაჩნდა ESCARD-ის შექმნის იდეაც, რომელიც უკვე ხუთი თვეა ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სხვადასხვა შეღავათსა და ფასდაკლებას სთავაზობს.

250-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი გვყავს, სფერო შეზღუდული არაა, ჰორეკა სექტორს, სამედიცინო სერვისებს, მაღაზიებს, ფიტნეს ცენტრებს, სასტუმროებსა და საგანმანათლებლო კურსებს ვაერთიანებთ, რომლებიც ჩვენს 12 000-მდე მომხმარებელს სხვადასხვა სახის სარგებელს სთავაზობენ, ძირითადად 20%-იან ფასდაკლებებზეა საუბარი, თუმცა არის 30-40%-იანიც და ასევე სპეციალური შეთავაზებებიც, რომლებიც მუდმივად ახლდება.

ბარათის შეძენა ჩვენს საიტზე, escard.ge, მომხმარებლის მონაცემების შეყვანითაა შესაძლებელი, ყოველთვიური გადასახადი 20 ლარს შეადგენს და აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი დასაქმებული იყოს. კომპანიები ხშირად თავად ყიდულობენ თავიანთი თანამშრომლებისთვის ჩვენს ბარათს, თუმცა, როდესაც კომპანიას დიდი შემოსავალი არ აქვს, ის უბრალოდ სთავაზობს თანამშრომელს და გადასახადს ფიზიკური პირი იხდის.

დაინტერესება იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, ორივე მხარისთვის მომგებიანი საქმიანობაა - ობიექტებმა იციან, რომ გაყიდვების გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, დამსაქმებელ კომპანიებს კი თანამშრომლებისთვის მოტივაციის გაზრდა სჭირდებათ", - განაცხადა ნიკო ღუღუნიშვილმა.

ESCARD-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროექტის შექმნის პროცესში მთავარი დაბრკოლება ობიექტების მოზიდვა და მათი დაინტერესება იყო, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა.

"პირველ ეტაპზე, როდესაც ბევრი მომხმარებელი არ გვყავდა, ძალიან რთული აღმოჩნდა, რომ ობიექტები ჩვენი სერვისით დაგვეინტერესებინა, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, მომხმარებლის სურვილები კი მზარდია, მუდმივად ახალი ობიექტების დამატებას ითხოვენ, ჩვენ ახლაც მუშაობის პროცესში ვართ, თუმცა ერთ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება დიდ დროსთან და ენერგიასთანაა დაკავშირებული. ამ საქმიანობაში ყველაზე რთული კონტაქტების მოძიებაა.’’ - აცხადებს ნიკო ღუღუნიშვილი.

ღუღუნიშვილი BM.GE-სთან ყვება, რომ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ, მთავარი მიზანი კი ESCARD-ის გლობალურ პროექტად ქცევაა, რისთვისაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"ჩვენი ამოცანაა, რომ იმ გლობალურ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ჩვენც ვთანამშრომლობთ, ხელშეკრულება დავდოთ, რომლის ხარჯზეც ჩვენი ქართველი მომხმარებელი უცხოეთში ამ კომპანიის ობიექტში შესვლისასაც ისარგებლებს ფასდაკლებებით. ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ, საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ამ იდეის მიმართ და ვფიქრობთ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ამას მოვახერხებთ.

ამას გარდა, გვინდა, რომ ჩვენი კომპანია სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე უფრო აქტიურად გამოჩნდეს, კონკრეტულად, ომის დასრულების შემდეგ, პირველი უკრაინის ბაზარზე შევალთ, გეგმაშია სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ესპანეთთან თანამშრომლობაც, რისი დასრულებაც ასევე მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება", - განმარტავს ნიკო ღუღუნიშვილი.

ინფორმაციისთვის, ESCARD ამჟამად 8 ადამიანს ასაქმებს და ის სრულად დამფუძნებლების ინვესტიციით შეიქმნა, თუმცა, ნიკო ღუღუნიშვილი აღნიშნავს, რომ გაფართოების მიზნით სხვადასხვა თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობას და ინვესტორების მოზიდვასაც გეგმავენ.