მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები" - ნათია თურნავა

5f9a671de0d6f
ინგა მურუსიძე
29.10.20 10:55
927
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო გლობალურად ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, უკვე ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პოზიტიური ნიშნები აისახება თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაში.

თურნავას თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ რამდენიმე ხნის წინ, სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეაფასეს საქართველოს პერსპექტივა ისე, რომ უახლოეს წლებში ქვეყანა კვლავაც იქნება ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

„2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,5% იქნება ყოველწლიურად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, რომ კვლავ განვამტკიცოთ რეგიონალური ლიდერის სტატუსი. ამის პირველი ნიშნები ამ თვეში უკვე არის, რაც აისახა ექსპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ექსპორტის პოზიტიური მაჩვენებლები მეტყველებს მთავრობის სწორ პოლიტიკაზე ეპიდემიის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალიან სწრაფად აღგვედგინა საქმიანობა ბევრ ფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თქვენ თუ ნახავთ ვინ არის ლიდერი ექსპორტის კუთხით, ეს არის სწორედ სოფლის მეურნეობა. ანუ, თუ სხვა ქვეყნები შედარებით დაკეტილები იყვნენ, ჩვენ შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე ბევრად მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ახალი ბაზრები დავიპყარით, რითაც ვაჯობეთ ბევრ კონკურენტს. ეს ეხება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროს, არამედ ტექსტილსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.