21.ნოემბერი .2019 19:20

"უმრავლესობაში გარდაქმნებია და ამის ნაწილია ესეც", – რატომ აკრიტიკებს "ოცნება" კობა გვენეტაძეს

views 501
უკან

მიმდინარე წელს ლარის ყველაზე მყარი ნიშნული დოლართან მიმართებით, 19 თებერვალს იყო – 2 ლარი და 64 თეთრი. მას შემდეგ ეროვნული ვალუტის, პრაქტიკულად, შეუქცევადი გაუფასურება მიმდინარეობს.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მარტში გასცდა და ბოლო, ოქტომბრის მონაცემებით, 6.9%–ს მიაღწია.

სტატისტიკა:

თვეები:      I      II    III    IV     V      VI     VII    VIII   IX    X
ინფლაცია: 2.2  2.3   3.7    4.1   4.7   4.3    4.6    4.9     6.4  6.9

ამ სტატისტიკის და ლარის გაუფასურების ტემპების ფონზე, თვეების განმავლობაში, ხელისუფლების მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლიდა, ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა. ამ პერიოდში ეკონომიკური გუნდი სებ–ის კრიტიკით არ გამოირჩეოდა. მაგალითად, 30 ივლისს, როცა ერთი აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.93 ლარი გახდა, ირაკლი კოვზანაძემ BM.GE–ისთან ეროვნული ბანკის როლი ასე განმარტა:

"ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკებისგან გამოწვეულ შედეგებს. თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით.

ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა".

ამ განცხადებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ კი, 1 აშშ დოლარი 2.98 ლარი ღირს და ეს ფაქტორი, როგორც პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრებიც აღნიშნავენ, ინფლაციაზე ზეწოლას ახდენს. მართალია, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%–მდე გაზარდა, მაგრამ დღეს უკვე საპარლამენტო უმრვალესობას მიაჩნია, რომ სებ–მა დააგვიანა და ის რეალობაში უნდა დაბრუნდეს.

"ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნეს დათრგუნული და ლარის კურსი და ასევე როგორც გითხარით ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული", - ამბობს დღეს ირაკლი კოვზანაძე.

ანალოგიური შეფასება მოვისმინეთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასგან.

„მე, სამწუხაროდ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის სწორი იყო იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ახლა დეტალებში ვერ ჩამოვლენ, მაგრამ ქართული კონტექსტი, ჩემი აზრით, თქვენთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, სამწუხაროდ, ეს მინდა გითხრათ თქვენ, რაც აისახა ჩვენს ეკონომიკაზე და ეს გამოწვევა ძალიან სერიოზულია და ერთხელ და სამუდამოდ, მინდა, რომ ეს ადამიანები რომლებიც თანამდებობებზე ვართ, მივეჩვიოთ, რომ მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ნაკლოვანებებზე, ჩვენც ვისაუბროთ“, – ამ შეფასებით მიმართა კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს გუშინ, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

რადგან დეპუტატები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი რეალობის ადეკვატურად არ მოქმედებს, BM.GE–მ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დამატებით ჰკითხა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ასეთი საჯარო კრიტიკით მაშინ რატომ არ გამოირჩეოდნენ, როცა სებ–მა ამ რეალობიდან „აცდენა" დაიწყო. 

"მე საკმაოდ კარგა ხნის წინ მქონდა გარკვეული შენიშვნები და ყოველთვის აკლდა, ჩემი აზრით, მის გადაწყვეტილებას კონტექსტთან შესაბამისობა და ეს ვუთხარი კიდევაც. ერთია გაიდლაინები და ის სტანდარტული პროცედურები, რომელიც ასეთივე სტანდარტებში მუშაობს სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს ძალან რთული კონტექსტი აქვს და მე მქონდა ასეთი შთაბეჭდილება, რომ მისთვის პირველხარისხოვანი იყო სწორედ ეს გაიდლაინები, რაც ვუთხარი კიდევაც და მისგან ახსნაც მივიღე, თუმცა ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო, სამწუხაროდ.

ლარი არის ის თემა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მოარყია ამ ქვეყანაში და საინტერესოა, რომ ის თვითონაც გრძნობდეს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, მეტი არაფერი. ვერ გეტყვით, მის პასუხებში ეს მაინცდამაინც ვერ ვიგრძენი", – განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე - იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად საპარლამენტო უმრავლესობა ასეთი კრიტიკულია, ეს ფაქტი კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობის რაიმე ფორმით დაყენების საფუძველი ხომ არ შეიძლება, გახდეს, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე პასუხად აღნიშნავს, რომ ამ განცხადებებში განსაკუთრებული არაფერია.

"ვერ გეტყვით, ასეთი განსაკუთრებული რა არის. რაც დაისვა შეკითხვები, ყველა რელევანტურია, რომელიც კარგა ხანია, ისმება ბიზნეს სექტორის მიმართაც. ხომ ხედავთ, უმრვალესობაში როგორი გარდაქმნები მიმდინარეობს და ჩათვალეთ, რომ ამის ნაწილია ესაც", – განაცხადა კაკულიამ.

დღეს კი, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მეორეს მხრივ კი – ინფლაციის ზღვრული მაჩვენებლების.

„მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად.

დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ეს ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, – განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, გახარიამ დღეს ფინანსთა მინისტრს დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე განიხილოს, რამდენად შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 2019 იანვრიდან შევიდა ძალაში, შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა