მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად გვაქვს ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის დონის ზრდაც"

5fea1265e3d24
თამთა ჯიჯავაძე
28.12.20 23:21
743
უმუშევრობის დონე, რაც გვქონდა აქამდე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისებრივად, - ამის შესახებ სტატისტიკოსმა ირაკლი მაკალათიამ გადაცემა „საქმის კურსში“ უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

„თვისებრივში ვგულისხმობ იმას, რომ დასაქმების დონეში რაც არ უნდა მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს, შემოსავლების კუთხით თუ განვიხილავთ, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. უმუშევრობის განხილვის დროს ფარული უმუშევრობის პრობლემატიკას ვაწყდებით, რაც საბოლოო ჯამში კომპლექსურად ქმნის მთელ რიგ პრობლემებს შრომის ბაზარზე“, - განმარტა ირაკლი მაკალათიამ.

მისივე თქმით, ახლა უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად გვაქვს ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის დონის ზრდაც, - „მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც ეკონომიკურად აქტიური იყო ან მუშაობდა ან მზად იყო მუშაობის დასაწყებად, ახლა გადავიდა ეკონომიკურად არააქტიურებში. ისინი ისევ უმუშევრები არიან, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ეძებენ სამსახურს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეკონომიკურად არააქტიურები არიან და არ აღირიცხებიან უმუშევართა კატეგორიაში“, - განაცხადა სტატისტიკოსმა.

მისივე თქმით, ყოველთვის, როდესაც გვქონდა უმუშევრობის დაბალი დონე, ამას რეგიონების დაბალი უმუშევრობის დონე აკომპენსირებდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სოფლის ტიპის დასახლებებში თვითდასაქმებულთა წილი უფრო მეტი იყო და ეს აისახებოდა უმუშვერობის საერთო დონეზე.

„დინამიკაში თუ განვიხილავთ, 2010 წელს დაახლოებით 27% იყო ეს მაჩვენებელი [სოფლად უმუშევრობის დონე] და შემდეგ კლების ტენდენციით მიდიოდა. თუმცა, ეს ტენდენცია ვერ განიხილება პოზიტიურ მაჩვენებლად ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ უმუშევრობის კლება განპირობებულია ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილის ზრდით. ეს არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი“, - განაცხადა მაკალათიამ.

ცნობისთვის, დღეიდან საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს დასაქმებულებად აღარ მიიჩნევს. აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით, უმუშევრად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% ითვლებოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი, უმუშევრობის დონე 17.6% გახდა. ასევე, გადაითვალა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც.

ახალ სტანდარტზე, რომლის მიხედვით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.