25.მარტი .2020 23:30

"უნდა გვქონდეს ხელშეწყობა... თუ გაჩერდა ბიზნესი, მისი რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი ჯდება"

views 407
უკან

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე BM.GE-ის კერძო სექტორში კორონავირუსის გავლენით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში მთავრობამ ბიზნესსუბიექტების სუბსიდირების აპრობირებული მეთოდები უნდა გამოიყენოს, იმისთვის რომ არ მოხდეს მათი გაჩერება, რაც დააზიანებს როგორც კერძო სექტორს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.

მისი შეფასებით, ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ბიზნესისთვის დასაქმებულების შენარჩუნებაა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში კი მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.

„ძალიან დიდი საფიქრალში ჩავარდა ყველა, იმიტომ რომ ბიზნესებთან დაკავშირებულნი არიან ადამიანები, რომლებიც დასაქმებულნი არიან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა. არ ერთ ბიზნესმენს არ უნდა ამ ადამიანების დაკარგვა და სახლში გაშვება, იმიტომ რომ შემდეგ ამ ყველაფრის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. უფრო რთულია სიტუაცია საშუალო და მცირე ბიზნესში, იმიტომ რომ დიდი კომპანიები მეტ-ნაკლებად მდგრადები არიან და ამ ბიზნესებს აქვთ სერიოზული ვალდებულებები საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, ბიუჯეტის მიმართ.

გარკვეულად ეს კრიზისი აისახა იმაზე, რომ კომპანიები ერთმანეთს შორის ვალდებულებების შესრულებაზე, გრძელვადიან თანამშრომლობასა და გადახდებზეც თავს იკავებდნენ, იმიტომ რომ შიშის ფაქტორი არის ცხადია. ელოდებიან რა იქნება“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს მთავრობას მათ რეკომენდაციები მისცეს, რომელიც დროულად უნდა იქნეს ამოქმედებული, იმისთვის რომ კერძო სექტორმა დასაქმებულები შეინარჩუნოს.

„ჩვენ უკვე მივეცით მთავრობას რეკომენდაციები, ის რაც არის მიღებული პრაქტიკა სხვა ევროპულ თუ ამერიკულ ქვეყნებში, ეს არის გარკვეული სუბსიდირება, თუნდაც საშემოსავლო გადასახადის, ეს არის ერთ-ერთი კარგი გამოცდილი ფორმა, იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ თანამშრომლები, ისინი არ დარჩნენ უმუშევრები, მათი ოჯახები არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ანუ უკეთესია რომ ადამიანები შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილებზე, ვიდრე მათ მივცეთ სოციალური დახმარება. თუ ეკონომიკის აქტივობა არ შევინარჩუნეთ, თუ ყველაფერს დავანგრევთ ამის ყველაფრის ფეხზე დაყენება საკმაოდ ძნელია. თუმცა ჩვენ გვყვავს კომპანიები, რომელთაც აქვთ თავისი შიდა პრობლემები, და თუ სახელმწიფო დაეხმარება მათ ამ პრობლემების მოგვარებაში, ისინი არანაირ შეღავათებს სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებენ. 

გადაწყვეტილებები დროზე არის მისაღები დროში როგორც ვირუსის და მისი პრევენციის მეთოდები, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლნისსა და მარნეულთან მიმართებაში და მხარს ვუჭერთ, ასევე მხარს ვუჭერთ დიდი შეკრებების აკრძალვას - არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, სადაც კი სამუშაო რეჟიმი არის საწარმოებში...

ეს არის ჯაჭვური რეაქცია, ნურავინ იტყვის, რომ ეს მას არ ეხება. ამიტომ უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაგეგმა მთავრობამ და კარგია, არამედ ის ფორმები სუბსიდირების, რომელიც ჩვენ შეგვანელებინებს დაძაბულობას შრომით ბაზარზე. უკვე გამოვა ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებისა, შეიქმნება უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე და ჩვენ არ გვექნება სოციალური დაცვის მექანიზმები, თუნდაც ის მექანიზმები, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მიკვირს, როდესაც ამბობენ მოდით დავრჩეთ სახლში, მეტ-ნაკლებად უნდა დავრჩეთ რა თქმა უნდა, არაფერი გავაკეთოთ, დაველოდოთ სოციალურ გარანტიებს, ეს რაღაც პოლიტიკური განცხადებები თემაც არის. მაგრამ ჩვენ ბიზნესი ვამბობთ, რომ ამ ნაწილში კი არ მივიღოთ გარკვეული შეღავათები სახელმწიფოსგან, ჩვენი მოვალეობაა, როგორც ექიმები თავის ნაწილში, შსს თავის ნაწილში, ჟურნალისტები თავის ნაწილში, ანალოგიურად ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, როგორც არასდროს ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ეს საქმე ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ დღეს არ არის მუშაობის ის რეჟიმი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გვქონდა, ამდენად ჩვენ უნდა გვქონდეს ხელშეწყობა, რომელიც უნდა იყოს დროული, თორემ თუ გაჩერდა ბიზნესი, მისი რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი ჯდება.

მე არ შემხვედრია არც ერთი ბიზნესი, რომელსაც თანამშრომლის გაშვება უნდა უხელფასო შვებულებაში. ეს თემაც წარმოიჭრა, ბიზნესმა გადაუხადოს დასაქმებულს ხელფასიო, თუ შემოსავალი არ ექნება ბიზნესს როგორ გადაუხდის. თუ არ ვიმუშავეთ, თუ არ ვაწარმოეთ, თუ არ გავყიდეთ და ამავე დროს საიდან უნდა გადაუხადოს ბიუჯეტს კომპანიამ თუნდაც საშემოსავლო გადასახადი“, - განმარტავს ელგუჯა მელაძე.