25.მარტი .2020 00:00

"უნდა შეიკრიბოს მხოლოდ 10 კაცი და ამით მოისპოს ლაპარაკი" - ჭყონია საეკლესიო შეკრებებზე

views 1691
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საზოგადოებას მედიკოსების, ასევე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რაც საჯარო სივრცეებში 10 ადამიანზე მეტის თავმოყრას კრძალავს.

ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს შეზღუდვები მათ შორის, საეკლესიო ღვთისმსახურებზე დასწრების მსურველებმაც უნდა გაითვალისწინონ.

„მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი დისკუსია არ სჭირდება. ბევრ კითხვას სვამენ და ბევრი დასმული კითხვა ადამიანებს აიძულებს, იყვნენ ორიგინალურები, უფრო რადიკალურები, მორწმუნეები და უფრო თავგადაკლულები რაღაც-რაღაცეებზე.

ძალიან ჩვეულებრივი გეგმაა - მცოდნე ადამიანები, პროფესიონალები გეუბნებიან, რომ ვირუსის შეჩერება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გვექნება კონტაქტი. აქედან გამომდინარე, მათ რაღაც ნორმები დაადგინეს, რომ სადღაც უნდა შეიკრიბოს მხოლოდ 10 კაცი და ა.შ. ეს ნორმა უნდა გაითვალისწინოს აბსოლუტურად ყველამ, რადგან ეს არის პროფესიონალის მიერ შემოთავაზებული გეგმა. ეს არის დადგენილი, რომ უნდა იყოს არაუმეტეს 10 კაცი და ამით უნდა მოისპოს ლაპარაკი. ეს აღარ უნდა იყოს სადისკუსიო თემა, რადგან პროფესიონალებმა, რომლებიც რეკომენდაციას გაძლევენ, იციან ამ შეთავაზების შინაარსი, იციან მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს არ უნდა იყოს მსჯელობისა და გამოცდის თემა.

სხვათაშორის, ყველა ერიდება სიმართლის თქმას, ყველას უნდა, რომ კარგი გამოჩნდეს და ამ თემაში კარგი მხოლოდ რეკომენდაციის გათვალისწინებაა. არ უნდა ამას რაღაცის მოგონება და გამართლება. ადამიანები, რომლებიც მართავენ კორონავირუსის შეჩერებას საქართველოში და გირჩევენ, ის რჩვეები უნდა გაითვალისწინო, რადგან მათ იციან, რას გირჩევენ. ჩვენ მათ რჩევებს ვაქცევთ კონტროლის ქვეშ და ვმსჯელობთ. თუ არ გჯერა გამყრელიძის, რატომ ეკითხები მაშინ? - უნდა დაუჯერო, კაცი გეუბნება, არ შეიკრიბო და არ უნდა შეიკრიბო, რა პრობლემაა?“, - განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის, დღეს ამ თემაზე შინაგან საქმენთა მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის.