მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შევეგუოთ, რომ სახელმწიფო კომპანიების ნაწილი მოგებიანი ვერასოდეს გახდება"

624b10411ca84
სალომე მეცხვარიშვილი
05.04.22 09:40
1211
აუდიტორიული კომპანია BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ მოგებიანობისა და ზარალიანობის გარდა უნდა არსებობდეს სახელმწიფო კომპანიების შეფასების სხვა კრიტერიუმიც, მაგალითად უნდა ხდებოდეს მათი ეფექტიანობის გაზომვა.

“მუნიციპალური საწარმოები კომერციულად მოგებიანი შესაძლოა ვერასდროს გახდნენ, მაგალითად: სატრანსპორტო კომპანია, დასუფთავების სამსახური და ა.შ. რეალურად მათი მთავარი მიზანია, უზრუნველყონ მოსახლეობა სერვისებით და არა მოგების მიღება.

თუმცა, აქ უნდა არსებობდეს გარკვეული ტიპის მაჩვენებელი: თუ მოგებიანობით არ ვზომავთ ამ კომპანიებს, მაშინ რითი ვზომავთ?! მნიშვნელოვანია დადგენილი იყოს ეფექტურობის მაჩვენებელი: როგორ სერვისს იღებს მოსახლეობა და სახელმწიფოს რა უჯდება თითოეული მოქალაქისთვის ამ სერვისის მიწოდება?”,- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, უნდა შევეგუოთ, რომ სახელმწიფო კომპანიების ნაწილი მომგებიანი ვერასოდეს გახდება, მაგრამ მათ მიერ მიწოდებული სერვისი მოსახლეობისთვის აუცილებელია, ამიტომ მათი პრივატიზება დიდი ალბათობით შეუძლებალია. აუდიტორიული კომპანიის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ასეთ კომპანიად შეიძლება განვიხილოთ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”.

“წყალმომარაგების კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში წყლის მიყვანა, ამას კი ვერცერთი კერძო ინვესტორი ვერ გააკეთებს და ვერცერთი მოსახლეობა ვერ დააფინანსებს”,- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს საქმიანობა კერძო კომპანიისთვის უბრალოდ არამომგებიანი იქნება, ამიტომ ინვესტორი არც დაინტერესდება.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიები ზარალზე მუშაობენ. მაგალითად, 2020 წელს მათმა ზარალმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებისთვის დაანონსებულია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. გასული კვირის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა bm.ge-ს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა რეფორმის სტრატეგიას დაამტკიცებს და განისაზღვრება იმ კომპანიების ჩამონათვალი, სადაც საპილოტე პროექტის(საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) შემდეგ განსაზღვრული იქნება იმ სახელმწიფო კომპანიების ჩამონათვალი, სადაც რეფორმა უნდა დაიწყოს. განსაზღვრულია, რომ კომპნიების ნაწილში უნდა დაინერგოს მართვის თანამედროვე მეთოდები, ან მოხდეს მათი პრივატიზაცია ან ლიკვიდაცია.