მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნისტილი“ სახელმწიფომ დააყადაღა - კომპანიის მფლობელი მიზეზებზე საუბრობს

5f9bc73010f8e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 12:40
1490
სამკერვალო საწარმო „უნისტილი“ სახელმწიფომ დააყადაღა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ხელმძღვანელმა ნატალია ჩხეიძემ განუცხადა. როგორგ კომპანიის დირექტორი ყვება, სახელმწიფომ კომპანიასთან დავა 2011 წელს დაიწყო და ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეს საქმესთან დაკავშირებით დასკვნა არ გამოაქვს.

ნატალია ჩხეიძე იხსენებს, რომ სახელმწიფომ კომპანიის შემოწმებას სასამართლო დავის პარალელურად წლებია ახორციელებდა; პანდემიამდე ეს შემოწმებები შეწყდა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში სასამართლოს დასკვნის გარეშე სახელმწიფომ კომპანია დააყადაღა და მის ანგარიშებს ინკასო დაადო.

„ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. გვქონდა შემოთავაზება უცხოური კომპანიიდან, რომელიც უნიფორმებისთვის ნედლეულს მისაღებ ფასში გვთავაზობდა, თუმცა საქმე ისე არ წარიმართა, როგორც ველოდით. მას შემდეგ, რაც შეკვეთა გავაკეთეთ და თანხა გადავრიცხეთ, უცხოური კომპანიისგან საქონელი არ მივიღეთ და მაშინვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს იმისთვის, რომ ჩვენი კუთვნილი თანხა დაგვებრუნებინა. სასამართლომ გაგვამართლა. დარჩენილი გვქონდა ბუღალტრული ნაწილი, რომელიც უნდა ჩაგვესწორებინა.

იმ პერიოდში შემოსავლების სამსახურიდან როგორც კარგ გადამხდელებს, რომელსაც ბიუჯეტში ყოველწლურად გადასახადების სახით 1 მლნ ლარი შეგვქონდა, შემოგვთავაზეს აუდიტორი კომპანიები, რომელთაგან ერთ-ერთი აუდიტს ჩაატარებდა. ასეც მოვიქეცით, თუმცა პროცესის დაწყების შემდეგ მალევე, შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახურის ჯგუფი გვესტუმრა. ავუხსენით, რომ ბუღალტრულ ნაწილში გვქონდა დასაკორექტირებელი და ერთი კოდიდან მეორე კოდზე გადასატანი თანხა, საუბარი იყო 35 000 დოლარზე, რაზეც გვითხრეს, რომ ეს პრობლემა არ იყო და მიგვიყვანეს შემოსავლების სამსახურში, სადაც დაწერეს ჩვენზე საჩივარი და ჩვენ - იმ უცხოურ კომპანიასთან დავაში გამართლებულებს, სახელმწიფოსთან მოგვიწია დავის დაწყება.

ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რადგან ჩემი მეუღლე მაშინ პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული (საუბარია "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძეზე), თუმცა წლების შემდეგ სასამართლომ გაამართლა და გამოუშვა“, - აცხადებს ნატალია ჩხეიძე.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესმა და მისი გავლენით შექმნილმა გაუგებრობებმა კონტრაქტორებთან ურთიერთობა ზოგ შემთხვევაში გააფუჭა, წლის განმავლობაში 3-დან 4 მლნ ლარამდე ბრუნვა ბოლო წლებში 1 მლნ ლარამდე შეამცირა, ხოლო 100 დასაქმებულიდან დღეს საწარმოში მხოლოდ 8 ადამიანი მუშაობს.

„პანდემიის პერიოდში საწარმო გაჩერდა, რადგან შეკვეთები არ გვქონდა. სწრაფად ვადაპტირდით და დავიწყეთ პირბადეების კერვა, რადგან ქვეყანას ეს სჭირდებოდა. ეს რთული პერიოდიც გადავლახეთ და ახლა, როდესაც ახალი ქსოვილები შევუკვეთეთ და უნიფორმების წარმოებას ვაგრძელებდით, სახელმწიფო სასამართლო დასკვნას არ დაელოდა და ყადაღა დაგვადო ისე, რომ საბაჟოდან ქსოვილები ვერ გამოგვაქვს და ინკასო დაგვადო, რის გამოც დასაქმებულებს ხელფასს ვერ ვუხდი; ძალიან მძიმე დმგომარეობაში აღმოვჩნდით.

ყველაფერ ამასთან ერთად, დაგვირეკეს ბანკიდან და 1 თვის სესხის გადასახადის გადაცილების გამო გვაცნობეს, რომ საწარმოს გაყიდიდნენ. ახლა აღარ ვიცით რა ვქნათ, ვის მივმართოთ. ბანკთან პრობლემები არასდროს გვქონია და ყადაღის გამო ვერ გადავიხადეთ სესხის თვიური შესატანი. ახლა ვართ უმოქმედოდ და არ ვიცით შემდგომში რა მოხდება, ისიც კი არ ვიცი ვის მივმართო და რა ვიღონო“, - უთხრა BM.GE-ის ნატალია ჩხეიძემ.

ცნობისთვის: სამკერვალო "უნისტილი", რომელიც ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს, ხოლო 2006 წლიდან უნიფორმების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, უნიფორმებს სამშენებლო კომპანიებისთვის, ფაბრიკა-ქარხნებისთვის, პორტის და ნავთობგადამამუშავებელი კომპანიებისთვის, ბენზინ-გასამართი სადგურებისთვის, რესტორნებისა და კაზინოებისთვის, სასტუმროებისთვის, ფარმაცევტული კომპანიებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის ამზადებს. კომპანია უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ძალოვანი სტრუქტურებისთვისაც კერავს. 

bm.ge თემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.