მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზბეკეთს მშპ-ის $120 მილიარდამდე გაზრდის პოტენციალი აქვს" - გიორგი ფარესიშვილი

63120f19d71b2
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.22 19:40
734
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, რომელიც პოსტს მალე დატოვებს, უზბეკეთის რესპუბლიკურ საფონდო ბირჟას უხელმძღვანელებს. გიორგი ფარესიშვილმა გადაცემა “რედაქტორის” ეთერში სამომავლო გეგმებისა და უზბეკეთის საფონდო ბაზრის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს უზბეკეთის ეკონომიკა სწრაფი რეფორმების ფაზაშია, რასაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება შეუძლია. აქამდე უზბეკეთის ეკონომიკაში სახელმწიფოს მთავარი როლი ჰქონდა და უმსხვილესი ფინანსური დაწესებულებები და კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში აქტიური პრივატიზაცია მიმდინარეობს და ბიზნესის კეთების კანონმდებლობაც იცვლება.

“უზბეკეთის ეკონომიკა არის 60 მილიარდი და თუ ამ რეფორმებით მოხდება ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის შემცირება და არაფორმალური სექტორი გათეთრდება, მაშინ ყველანაირი გათვლებით უზბეკეთს აქვს პოტენციალი მისი მშპ 120 მილიარდი დოლარი გახდეს. იხსნება ეს ქვეყანა, მიდიან ახალი ინვესტორები, იხსნება ახალი სასტუმროები, შევროლეს ერთ-ერთი ქარხანაა ტაშკენტში და ქუჩაშიც ეტყობა, რომ დადიხარ ადგილობრივი წარმოების მანქანებით მოძრაობენ. აქვთ უზარმაზარი მეტალურგიული წარმოებები, მძიმე ინდუსტრია, ცემენტი და ასე შემდეგ,” - განაცხადა მან.

გიორგი ფარესიშვილის თქმით, ამჟამად უზბეკეთის მთავრობა ბევრი სახელმწიფო კომპანიის საფონდო ბირჟაზე გაყვანას და მათი ამ გზით პრივატიზაციას გეგმავს. ის ამბობს, რომ ტაშკენტის საფონდო ბირჟა სწორედ ამ პროცესში იქნება ჩართული. 

“დამიკავშირდნენ უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროდან, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელია. მათი მინისტრის მოადგილე იყო ჩართული მოლაპარაკებაში და პოზიცია შემომთავაზა, თქვა რომ უზბეკეთში საფონდო ბაზარი სწრაფად იზრდება და კაპიტალის ბაზრის განვითარების ამბიციური გეგმები აქვთ. უზბეკეთი ცდილობს ბევრი სახელმწიფო კომპანიის ბირჟაზე გაყვანას და ამ საქმიანობის მართვისთვის გამოცდილ ადამიანს ეძებენ, რომელსაც საქმიანობის, როგორც დასავლური, ასევე რეგიონალური გამოცდილება აქვთ.

ტაშკენტის ბირჟის ძირითად წილს ფლობს სახელმწიფო, შესაბამისად, როგორც ამიხსნეს ჩემი დანიშვნის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე შეთანხმდა, როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, ასევე პრეზიდენტის ოფისში, შემდეგ ვიცეპრემიერი იყო ჩართული და ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა.

ამჟამად საქართველოში გადაბარების პროცესში ვარ და სექტემბრის პირველ კვირაში უკვე ტაშკენტის ბირჟის გენერალურ დირექტორად ოფიციალურად იქ ვინიშნები,” - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.