24.ივლისი .2020 12:14

"ვაჩვენეთ, რომ საქართველოში ყველა ინვესტიცია დაცულია" - თალაკვაძე "ფრონტერაზე"

views 246
უკან

ვაჩვენეთ, რომ საქართველოში ყველა ინვესტიცია არის დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ფრონტერასტან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი, რომელსაც ვადა 27 ივლისს გასდიოდა.


ეკონომიკის სამინიტრომ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ისინი მზად არიან, შესაძლებლობა მისცენ კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია, სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ”, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.


„ფრონტერასთან“ მიმართებაში საინტერესოა არა განცხადებები, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო არბიტრაჟმა. სახელმწიფომ ამ არბიტრაჟის დავაში პოზიციები დაიცვა და სიმართლე არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება იმას, რომ 1%-თან დაკავშირებით არ შეწყდა ხელშეკრულება, ეს ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ და ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა და ყველა ინვესტიცია საქართველოში არის დაცული. არც ერთ კომპანიას, რომელიც საქართველოში კეთილსინდისიერად საქმიანობს, არანაირი საფრთხე საქართველოში არ ემუქრება. ჩვენ გვაქვს სასამართლო, კანონები და ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის მარტივი და საიმედო“, - განაცხადა თალაკვაძემ.


ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას ცოტა ხნის წინ "ფრონტერამ" განცხადებითვე უპასუხა. კომპანია აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Frontera-სთან არ მოშალოს ხელშეკრულება, შეცდომაში შემყვანია და სინამდვილეში მთავრობას არ გააჩნია არანაირი იურიდიული საფუძველი იმისთვის, რათა მათთან კონტრაქტი მოშალოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა