მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვანში ბლოკ-პოსტები მოიხსნება, ხოლო წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას"

5ea820894d938
ინგა მურუსიძე
28.04.20 16:21
1018
წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევა წყალტუბოში გუშინ გამოვლინდა და კონტაქტების კვლევა დაწყებულია.

"რაც შეეხება წყალტუბოს, გუშინ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა და გუშინვე დავიწყეთ კონტაქტების კვლევა. ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში, მათი ანალიზის პასუხები დღეს გვიან იქნება უკვე ცნობილი, კვლევა გრძელდება და ვინც გამოვლინდება გადავა ან კარანტინის ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კარანტინშია ათი ადამიანი, ესენი არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კოლეგები.

დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, როგორც იცით, სიტუაცია იცვლება ხოლმე საათობრივად და თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ ადამიანს ჰქონდა "ლიბერთი ბანკის" თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა არანაირი საშიშროება არ არის", - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ვანს, შალამბერიძის თქმით, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, იქ ბლოკ-პოსტები მოიხსნება.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგების რჩევით, გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები, როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება“, - განაცხადა მან.