26.მაისი .2022 20:30

"ვაპირებდით, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 70% 2024 წლისთვის შესრულებული ყოფილიყო"

"ვაპირებდით, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 70% 2024 წლისთვის შესრულებული ყოფილიყო"
views 730
უკან

“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, იმ გრაფიკით, რომელიც არის გაწერილი, ვუახლოვდებით ევროკავშირს“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი BM.GE-სთან აცხადებს.

აღსანიშნია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთ პანელზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 45% აქვს შესრულებული.

„2020 წლის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთება. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ იმ მომენტისთვის 40% იყო შესრულებული და 2024 წლისთვის ვაპირებდით, რომ 65%-70% ყოფილიყო შესრულებული.

ზოგადად ასოცირების შეთანხმება 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამას აჩვენებს ყველა ობიექტური შეფასება, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, საქართველო არის ლიდერი არამხოლოდ ასოცირების ტრიოს შორის, არამედ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და რიგი პარამეტრებით უსწრებს კიდეც ზოგიერთ ევროკავშირის წევრსაც, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით.

ასე რომ საქართველო თავისი ისტორიით, თავისი აწმყოთი და ჩვენი ხალხის სამომავლო განწყობით იმსახურებს მხოლოდ ერთ პასუხს ევროკავშირისგან, ეს არის დადებითი პასუხი ჩვენს განაცხადზე“- აცხადებს პაპუაშვილი.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების დადებითი მოლოდინი აქვს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესაც.

„საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისი შინაარსით და ყველანაირად იმსახურებს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეს და ეს პერსპექტივა არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ვფიქრობთ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს. მოველით, რომ საქართველოს უკვე განხორციელებული პროგრესი პოზიტიურად იქნება შეფასებული და საქართველო მიიღებს დამსახურებულად კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - აცხადებს bm.ge-სთან მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველომ უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად ევროკავშირში წევრობის განაცხადი მარტის დასაწყისში წარადგინა. განაცხადს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მარტს მოაწერა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკომისია EU-ში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა