03.მარტი .2021 00:00

"ვაქცინა ტურები" - ინდუსტრიის ნაწილი ახალ ტურისტულ პაკეტზე მუშაობს

"ვაქცინა ტურები" - ინდუსტრიის ნაწილი ახალ ტურისტულ პაკეტზე მუშაობს
views 1625
უკან

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს მთავრობის მისამართით მორიგი მოთხოვნა გაავრცელეს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია აჟღერებს, ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით შემოტანაა. როგორც ისინი ამბობენ, ამის მზაობაც არსებობს, თუმცა საუბარია, ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე, რომლის 100 000 ორმაგი დოზის შემოტანას კერძო სექტორი თავის თავზე აიღებს, სახელმწიფოს მხრიდან კი, უბრალოდ ნებართვას ელიან.

როგორც "იბერია ტურს პლუსის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, ვაქცინაცია იმ პირებს ჩაუტარდება, ვისაც ამის სურვილი ექნება. მურაჩაშვილის განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს მსგავსად, არაერთი ქვეყანაა, რომელიც დღემდე ვაქცინის მოლოდინშია. მისი თქმით, თუ კომერციულად მოხდება სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ვაქცინების შემოტანა, ტურისტული კომპანიები "ვაქცინა ტურებს" დააორგანიზებენ და იმ პირებს აცრიან, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამასთან, ეს პირები ქვეყანაში ორ კვირას გაჩერდებიან, შესაბამისად, ქვეყანა დამატებითი შემოსავლის მიღებას შეძლებს.

“საქართველოში, სამწუხაროდ, Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და AstraZeneca-ც თუ არ დაგვაღალატეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემოვა, ხოლო თუ დაგვაღალატეს, ისევ ჩინური და რუსული ვაქცინებისკენ მივდივართ. ეს იქნება ძალიან გვიანი პერიოდი. ამიტომაც კერძო სექტორი ვამბობთ, რომ მოდით, ჩვენ მოვლენებს ნუ გავაჩერებთ და მივხედავთ ამ საკითხს. ეს იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება, ის გაიკეთებს ამ ვაქცინას. არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც ჩვენსავით არ მიუღია ჯერ კიდევ ვაქცინა. შესაბამისად, უკვე შეიქმნა პრეცედენტიც იმისა, რომ არსებობს "ვაქცინა ტურები". ეს იქნება ტურიზმის ერთგვარი გამოცოცხლება. ტურისტული კომპანიები, რომლებიც "ვაქცინა ტურების" გაკეთებას დაიწყებენ, მიიღებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი ექნებათ ვაქცინის გაკეთება. ისინი ჩამოვლენ, ორი კვირა გაჩერდებიან საქართველოში და შესაბამის თანხებსაც დახარჯავენ", - აცხადებს “იბერია ტურს პლუსის” დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა