მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის სამიზნე, რაც 60%-ს შეადგენს, უკვე საკმარისი აღარ არის" - აკაკი ზოიძე

6161fbeb4aeff
BM.GE
10.10.21 10:09
914

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე გადაცემა BMG Drive-ის ეთერში ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს. ზოიძის განმარტებით, “დელტა” შტამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვაქცინაციის მინიმალური ასაკი სხვა ქვეყნების მსგავსად, 12 წლამდე შემცირდეს. მისი თქმით, ამასთანავე გასაახლებელია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა და მისი სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრიდან, მთლიანად მოსახლეობის 80%-მდე უნდა გაიზარდოს.

“ვაქცინაციის სამიზნე, რაც 60%-ს შეადგენს, უკვე საკმარისი აღარ არის. შესაბამისად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმაც უნდა გადაიხედოს ამის შესაბამისად, ვინაიდან დელტა შტამის პირობებში, იმისათვის რათა ჩვენ გრძელვადიანად თვითდაჯერებით განვთავისუფლდეთ იმ პანდემიური შეზღუდვებისგან, რომელიც მოგვბეზრდა ჩვენც და ქვეყნისთვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის დამთრგუნველია, რომ გავნთავისუფლდეთ ჩვენ ამისგან, უკვე გვჭირდება დაახლოებით მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, არამხოლოდ ზრდასრულების, არამედ მთელი მოსახლეობის. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. 

სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებზე მნიშვნელოვანია, თუმცა მთლიანად ქვეყანაზე არ ვემხრობი ვალდებულების შემოღებას,”- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა დაეწყო ვაქცინაციის სტრატეგიული კამპანია იმ ადამიანების დასარწმუნებლად, რომლებიც ამ დრომდე აცხადებენ უარს აცრაზე.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 998,444 ადამიანი, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35.1%-ია, ხოლო ოჯერადად, ანუ სრულად ვაქცინირებულია 864,309 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 30.3%-ია. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9,457 ვაქცინაცია გაკეთდა, თუმცა აცრების ⅔ მეორე დოზის ვაქცინებზე მოდიოდა.