მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვარკეთილის ბაზრობა“ "ირაოშია” დაზღვეული - რა თანხა შეიძლება მიიღონ მოვაჭრეებმა

5ee8ab48d9857
ინგა მურუსიძე
16.06.20 17:30
2662
15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ჯერჯერობით, უცნობია, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, რომელიც გუშინ შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ "დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია - როგორ.

bm.ge დაინტერესდა, რომელ სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული შპს "ვარკეთილი 96", რადგან 2018 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასობრივი თავშეყრის ობიექტის, მათ შორის ბაზრობის მფლობელი, ვალდებულია, იყიდოს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, სადაზღვეო კომპანია კი ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ბიზნესობიექტი დაზღვევას ორი მიმართულებით ყიდულობს. ესენია ქონებისა და ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის დაზღვევა. მაგალითად: სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანი 30 000 ლარით აუნაზღაურდება, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანი - 15 000 ლარით;  ქონებისთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში კი, ერთი პირი მიიღებს თანხას არაუმეტეს 15 000 ლარისა; სადაზღვევო კომპანიის მხრიდან კი, ერთ ბიზნესობიექტზე ანაზღაურების მაქსიმალური თანხა 15 მილიონი ლარია.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ "ვარკეთილის ბაზრობა" სადაზღვევო კომპანია "ირაოში" იყო დაზღვეული. "სადაზღვევო კომპანიამ უნდა შეისწავლოს ზარალის ოდენობა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა თანხას აანაზღაურებს ის. მათთან კომუნიკაცია გვქონდა და როცა მოკვლევას გააკეთებენ და დასკვნაც დაიდება, მათ შორის სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენს აანაზღაურებს „ირაო“, - განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ ბაზრობის მფლობელებსაც შეხვდნენ და ისინიც მზადყოფნას გამოთქვამენ, "თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიზიარონ და დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს". 

რა ვადა სჭირდება "ირაოს" ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის იდენტიფიცირებისთვის და შემდგომ ანაზღაურებისთვის, ამის გასარკვევად bm.ge სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მათი წარმომადგენლები ადგილზე გუშინვე მივიდნენ.

„ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არიან და ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ესაუბრებიან. ზარალის დასადგენად აუცილებელია, მეიჯარეებისგან გვქონდეს კონკრეტული ინფორმაცია მათ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. მათ აქვთ 60-დღიანი ვადა, მოგვაწოდონ ოფიციალური დოკუმენტაცია სასაქონლო მარაგებზე, რაც გააჩნდათ; ეს დაგვეხმარება ჩვენ ზარალის ოდენობის დადგენაში და ამის შემდეგ უკვე ანაზღაურებისთვის 30 დღე გვეძლევა“, - აცხადებენ „ირაოში“.