მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს" – როგორია გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

5fa574c37f22f
თამთა ჯიჯავაძე
06.11.20 20:05
885
ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, უკვე საკმაოდ სერიოზული პროგრესია,– ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის კვლავ სახლში იმყოფება და სახლის პირობებში მკურნალობს.

"სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება", – აღნიშნა გახარიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დაიცვა თავი ვირუსისგან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ. ეს არის ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყნარად, მშვიდად უნდა მივყვეთ ისევ ექიმების რჩევას და ვიმკურნალოთ, როცა შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში - ჰოსპიტალებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი მიმდინარე კვირას, 2 ნოემბერს დაუდასტურდა. გარდა პრემიერისა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილიც ინფიცირებულები არიან.