მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან" - "თბილისობა" 1-2 ოქტომბერს გაიმართება

63107db92ffd8
BM.GE
01.09.22 13:34
693
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისობის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.

„ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია, წელს ისევ გაიმართება. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის პირველ უქმეებზე, 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. ასევე, ღონისძიებები გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების პროგრამის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება არის შეუძლებელი. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია ყველა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მერია თბილისობაზე გამარტივებული წესით 3 მილიონ ლარს დახარჯავს