11.ივნისი .2020 12:55

"ველოდებით ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას" - რომელი ქვეყნის ტურისტებს მიიღებს საქართველო?

views 362
უკან

ძალიან რთულია ახლა თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი ტურისტული გეოგრაფია, ველოდებით ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან მიდის მოლაპარაკებები და შესაძლოა თუ არა 1 ივლისიდან ტურისტების შემოყვანის გადაწყვეტილება, მათ შორის ევროპული ქვეყნების მხრიდანაც გადაიდოს.

„ვითარება ძალიან დინამიურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი პირველი ტურისტული გეოგრაფია. რაც მთავარია, ჩვენი საშინაო დავალება ძალიან კარგად გვაქვს შესრულებული, ანუ ამთავითვე ავიღეთ აქცენტი ისეთ ქვეყნებზე, სადაც ეპიდემილოგიური ვითარება კარგად იყო მართული და შედარებით კეთილსაიმედო მდგომარეობა იყო. მათთან უკვე გავწიეთ ორმხრივი სამუშაო, როგორც ჩვენ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. თვითონ ევროპული ქვეყნები გადიან ერთმანეთთან კონსულტაციებს, ახლა ველოდებით, თუ რას გადაწყვეტენ ზოგადად, ევროკავშირის დონეზე, ცალკეული სახელმწიფოების დონეზე, თუ როგორ ივლიან ერთმანეთთან“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველო პოზიტიურად არის განწყობილი. “ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპული ქვეყნები შეიმუშავებენ ერთიან მიდგომას არაევროპული ქვეყნების მიმართ, ვისთანაც პირველ რიგში ხსნიან საზღვრებს, რა პროცედურით და როდიდან მოხდება ეს. კორიდორს ცალკე ვერ შევქმნით, რადგან კორიდორი გულისხმობს ორ მხარეს. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ორმხივი სურვილი, ორმხრივი გადაწყვეტილება და ალბათ საკითხი თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება. მათ საერთო მიდგომას გავითვალისწინებთ და ვნახავთ ჩვენი ნამუშევარი რა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ მაინც განწყობილი, რადგან ვხედავთ, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილიზდება ეპიდემილოგიური ვითარება ევროკავშირში, თუმცა მსოფლიოს სხვა წერტილებში პირიქით, საკმაოდ დიდი ესკალაცია არის ვირუსის. უნდა დავაკვირდეთ და რაც მთავარია, როგორ სწრაფადაც არ უნდა გვქონდეს ტურიზმის სწრაფად ამოქოქვა, ჩვენი გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: საქართველო საერთაშორისო ტურიზმს 1 ივლისიდან ხსნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მწვანე კოროდორის შექმნაზე და ერთ-ერთი პირველი, საიდანაც საქართველოს ტურისტები უნდა მიეღო, ისრაელი იყო, თუმცა როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ისრაელში გართულებული ეპიდემილოგიური ვითარების გამო, ეს საკითხი სავარაუდოდ დროში გადაიწევს.