მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეთანხმებით WHO-ს შეფასებას, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი მაღალია" - ირაკლი მარგველაშვილი

60fb34ca53a22
თამთა ჯიჯავაძე
24.07.21 15:00
664
ჩვენ ვეთანხმებით WHO-ს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი მაღალია ჯანდაცვაში შემოსავლებთან შედარებით, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, როგორც WHO-ს მიერ მომზადებულ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კვლევაშია აღნიშნული, ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარ პრობლემას.

„აღსანიშნავია ერთი განსაკუთრებული სტატისტიკაც: 2012 წლიდან 2018 წლამდე ექიმებისადმი მოსახლეობის მიმართვა 70%-ით გაიზარდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა 70%-ით მეტად ავადდებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა მოდერნიზაცია და ჯანდაცვის პროგრამა სტრუქტურულად შეიცვალა, ის ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ნაკლებად შემოსავლიანი ფენისთვის, რაც კარგი იყო. მაგრამ ამ პროცესებს ვერ აჰყვა დაფინანსების საკითხი. სახელმწიფო დაფინანსებას ზრდის ყოველწლიურად, მაგრამ დაფინანსების ნაწილში უფრო მეტად ფინანსდება სამინისტროს სერვისები, მედიკამენტების დაფინანსების საკითხი კი ჩამორჩება. როცა საუბარია ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების დაფინანსებაზე, ყოველწლიურად ეს ჩამონათვალი იზრდება, მაგრამ როგორც WHO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს საკმარისი არაა“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელმაც საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი უნდა დაარეგულიროს, ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. მარგველაშვილის მოლოდინია, რომ მისი განხილვები ერთობლივ ფორმატში განახლდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფარმაცევტული ბაზრის რომელიმე მონაწილეზე, მოგვწონს ის თუ არა, მისი აზრი უნდა იყოს მოსმენილი და შემდგომში უნდა გამოიტანონ ოპტიმალური გადაწყვეტილება. კანონმდებლობის ბოლო ვერსიას ჩვენ არ გავცნობივართ და ველოდებით რომ დაიწყება ამაზე მუშაობა.
რაც შეეხება ფასთა რეგულაციას, ის სხვადასხვა ტიპისაა, არსებობს ზღვრული ფასის დაწესება, არსებობს ფასნამატის დაწესება, ან რეფერენტული ფასთა რეგულაცია, ანუ რამდენიმე ქვეყნის ფასებს ვიღებთ და ვადარებთ. სხვადასხვა მოდელია. იმისთვის რომ ყველა ამ მოდელის შესწავლით ჩვენ საქართველოსთვის ოპტიმალური მოდელი გამოვიყვანოთ, ეს ვერ გამოიწვევს ცალსახად ჩვენს ნეგატიურ განწყობას, ვინაიდან საინტერესო პროცესია. ჩვენ ველოდებით, რომ ვიდრე ასეთი ტიპის პროცესი დაიწყება, პარალელურად გვექნება მეტი სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ამ საკითხის გადაწყვეტისას იქნება თანამშრომლობა, და მიღებული იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში საქართველოს ბაზარს საერთაშორისო კომპანიები არ დატოვებენ.