მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ენერგეტიკული ბირჟის ასამოქმედებლად მარტი უკეთესი პერიოდია" - მარიამ ჩახვაშვილი

63105fb871da1
მარიამ ვარადაშვილი
01.09.22 12:00
588
Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების გადავადებას სექტორი ელოდა. მთავრობამ 29 აგვისტოს მიერ მიღებული დადგენილებით ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 31 მარტამდე გადადო.

საქართველოში ენერგეტიკულ ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ბოლოს რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა.

“ვფიქრობ, გადავადების ძირითადი მიზეზი მაინც იყო ის, რომ ნაჩქარევად ამუშავება აღარ მოუნდათ და გადაწყვიტეს ცოტა კიდევ გადაეწიათ. ეს უფრო მგონია, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა კომპანია დაადასტურებს, რომ უკეთესი პერიოდია, რადგან ამ დროს იწყება ელექტროენერგიის ექსპორტი. წინასაექსპორტოდ ენგურჰესის რეზერვუარი შევსებულია და რეზერვების ნაწილში კომფორტულად არიან. ფასიც შედარებით დაბალია. ამიტომ მგონია, ბირჟის დასაწყებად მარტი უკეთესი პერიოდია”, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

მთავრობამ ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზად რეგიონში არსებული ვითარება დაასახელა, რის გამოც ელექტროენერგიით ვაჭრობის თავისუფალი ბაზრისთვის მინდობაში რისკები დაინახა.

“გადავადების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ მსოფლიოში ენერგეტიკული ფასები გაზრდილია და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ბირჟა მოქმედებს, სუბსიდიების შემოღება დაიწყეს, რადგან ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით ფასები გაიზარდა. ჩვენმა მთავრობამ ჩათვალა, რომ ეს ბირჟის გასახსნელად სარისკო პერიოდია და შესაძლოა, ფასები რადიკალურად გაიზარდოს. ეს იყო ოფიციალური მიზეზი. ვესაუბრე ბირჟის ორგანიზატორებს, რომლებიც ამბობენ, რომ მეტნაკლებად მზად ვიყავით და უბრალოდ რაღაცებმა ხელი შეგვიშალესო. გადავადების მოლოდინი ალბათ ყველას ჰქონდა, ვინც ბაზარზე იყო ჩართული და საკანონმდებლო ცვლილებებს თვალყურს ადევნებდა”, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა “საქმიან დილაში”.