მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე

631b32327acfd
მარიამ ვარადაშვილი
09.09.22 17:21
30774

თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას შეუწყობს ხელს.

თუმცა, როგორც BMG-ის მჟავანაძემ უთხრა, საქართველოში ბევრი გამოწვევაა, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ სფეროდ ჩალიშქან-მჟავანაძე ტექსტილის ინდუსტრიას ასახელებს და ამბობს, რომ კადრების გადასამზადებლად ბიზნესს დაახლოებით 3 თვე სჭირდება.

“დიაგონალური კუმულაცია საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის შემოსვლას შეუწყობს ხელს. ტექსტილი უკვე არის ამ შეთანხმებაში და ახლა სამშენებლო სფერო და ავეჯის წარმოება ემატება. ვფიქრობ, ამის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება საქართველოში. ამ შეთანხმების ფარგლებში ნედლეული შემოვა ქვეყანაში, რომელიც აქ დამუშავდება და შემდეგ Made in Georgia-ს მარკით ევროპაში გავა. რადგან ევროკავშირთან ვაჭრობაში საქართველოს კვოტა არ აქვს, თურქეთის ინტერესშია მისი ნედლეული აქ დამუშავდეს და ევროპის ბაზარზე გავიდეს. ვფიქრობ, არა მხოლოდ ნედლეული შემოვა, არამედ ქარხნები გადმოვა საქართველოში, რასაც რა თქმა უნდა, მთავრობის ხელშეწყობა სჭირდება”, - აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეო) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

დღეს ამ საკითხზე თბილისში გაიმართა ფორუმი სახელწოდებით “დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მეწარმეები საქართველოდან და თურქეთიდან.