23.ივნისი .2022 18:48

"ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას გავიზიარებთ" - ნიდერლანდების პრემიერი

"ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას გავიზიარებთ" -  ნიდერლანდების პრემიერი
views 1013
უკან

ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომიის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, საქართველოსთვის კი - ევროპულ პერსპექტივას. 

“ვფიქრობ, კომისიას დავეთანხმებით. ნათელია, ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. სამივეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. განსაკუთრებით საქართველოს, რათა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საკმარისი სამუშაო გაწიეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროპულ პერსპექტივასა და ამბიციას ნათლად ვხედავთ და მათთან უნდა ვიმუშაოთ”, - განაცხადა პრემიერმა. 

ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ არ იღებს სტატუსს საქართველო დღეს - ნიდერლანდების პრემიერი პასუხობს, რომ ამის შესახებ კომისიამ რეკომენდაციაში ნათლად მიუთითა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც ამ რეკომენდაციას უნდა დაეთანხმონ.


მისივე თქმით, საქართველოს მეტის გაკეთება მოუწევს. 

“კომისია, ერთის მხრივ, ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მეტი პროგრესი აჩვენეს. საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის”, - განაცხადა პრემიერმა.

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკომისია საქართველოს საკითხს წლის ბოლოს მოუბრუნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება 23-24 ივნისის სამიტზე ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.