მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, სასურველი ვაქცინა მზად დაახლოებით ორ წელში იქნება" - WHO-ს ექს-ხელმძღვანელი

5f042ec95284b
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 22:00
1091
WHO-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი ენტონი კოსტელო კაფე-ბარების გახსნასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად წინააღმდეგია აღნიშნული ნაბიჯის, მას კარგად ესმის სახელმწიფო გადაწყვეტილების.

„ლუდხანების სკოლებზე ადრე გახსნა, გარკვეულწილად ჩვენს პრიორიტეტებზე მეტყველებს. საქმე იმაშია, რომ ხალხის დიდი ნაწილი თავს სწორედ დახურულ სივრცეში მოიყრის სასურველი სასმელის მისაღებად, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე, რთული იქნება სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა არაფხიზელ მდგომარეობაში“, - აღნიშნავს ენტონი კოსტელო.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გამოცემასთან, ასევე, საუბრობს "ლოქდაუნის" გამოცხადების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა საგანგებო მდგომარეობა დროულად არ გამოაცხადა, რადგან ვირუსი ჩვეულებრივ გრიპს დაუკავშირა. მისივე აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.

„ბრიტანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა დროულად იმიტომ არ გამოაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპს დაუკავშირა, რომელზეც იმუნიტეტის გამომუშავება ხდება, ასევე ვერ გაითვალისწინეს COVID-19-ის გავრცელების სისწრაფე. კორონავირუსი პანდემიაა და მისი გაჩერება შეუძლებელია. იმუნიტეტის მიღებას COVID-19-ზე მხოლოდ ვაქცინის საფუძველზე შევძლებთ. ამჟამად ბრიტანეთში, კორონავირუსით 65,000 ადამიანი გარდაიცვალა, ვფიქრობ, რომ სწორად მიღებული ზომებით 50,000-ის გადარჩენას შევძლებდით. მაგალითისთვის სამხრეთ კორეას დავასახელებ, სადაც საგანგებო მდგომარეობა ადრეულ ეტაპზე გამოცხადდა“, – აღნიშნა მან.

ენტონი კოსტელო The Guardian-თან საუბრისას ვაქცინის შემუშავების საკითხსაც შეეხო. მისი მოსაზრებით, შესაბამისი ვაქცინის შექმნას დაახლოებით ორი წელი ან ცოტა ნაკლები დასჭირდება.

„კარგი ამბავი ის არის, რომ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ლაბორატორია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. მათ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი და ძალიან თანამედროვე ტექნიკა. ვაქცინის შექმნას როგორც წესი რამდენიმე წელი სჭირდება, რადგან აუცილებლად შემოწმებული უნდა იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე უნდა დადგინდეს როგორი იქნება იმუნური რეაქცია ვაქცინაზე. ჩემი აზრით, სასურველი ვაქცინა მზად დაახლოებით 2 წელიწადში ან ცოტა უფრო ადრე იქნება“, - განაცხადა ენტონი კოსტელომ.