მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიცოდით, რომ კანონი ზღვარგადასული იყო, მაგრამ ვენეციის კომისიისგან ასეთ ხისტ ფრაზებს არ ველოდით"

605a1b8cdbef7
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.21 23:00
2001

ვიცოდით, რომ კანონი ზღვარგადასული იყო, მაგრამ ვენეციის კომისიისგან ასეთ ხისტ ფრაზებს არ ველოდით - ასე აფასებს “ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეული ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლითაც კომისია, საქართველოს მოუწოდებს შეცვალოს, “ელექტრონული კომუნიკაციების” კანონის პრობლემური ნორმები. 

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. 

ირინა ვერძეულის თქმით, ვენეციის კომისიამ აშკარად მიუთითა, რომ კანონი არღვევს “ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას” საკუთრების ნაწილში.

“ვენეციის კომისია საუბრობს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება დაირღვეს საკუთრების უფლება, თუმცა, ამ ნაწილში უნდა არსებობდეს პროპორციულობა მისაღწევ მიზნებსა და  გატარებულ ზომებს შორის. კომისიამ საკმაოდ ხისტად მიუთითა, რომ მიღებული კანონი არის არაგონივრული ღონისძიება.

ასევე კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანია ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო კომუნიკაციების კომისიის გაზრდილ უფლებამოსილებებზე. მსგავსი უფლებამოსილების მქონე ევროპული მარეგულირებელილ რეალურად არ არსებობს და არამარტო ევროპაში, არამედ, ვფიქრობ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს”,- აცხადებს ირინა ვერძეული.

“ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მკაფიო და მოულოდნელად ხისტი იყო, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება.

“ვფიქრობდით, რომ ზღვარგადასული იყო კანონი, რადგან მარეგულირებელი უხეშად ერეოდა ბაზარზე, მიუხედავად ამისა, მაინც არ ველოდით, რომ ასეთ ხისტ ფრაზებს გამოიყენებდა ვენეციის კომისია თავის დასკვნებში. ეს პირველ რიგში ქვეყანას უფუჭებს იმიჯს და თავად მარეგულირებელ კომისიასაც, რომელიც აქამდე ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ მარეგულირებლად მიიჩნეოდა.

ამას უკვე აქვს დამაზიანებელი ეფექტი ბიზნესგარემოზე - ინვესტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის იმიჯს, რამდენად ბიზნესმეგობრული გარემოა და რამდენად დაცულია ქვეყანაში საკუთრება. ვენეციის კომისიის შენიშვნები კი ცუდ რეპუტაციას უქმნის საქართველოს და ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც აქვს ალტერნატივა, ძალიან დაფიქრდება, სანამ საქართველოზე გააკეთებს არჩევანს”,- აცხადებს ირინა ვერძეული.