მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიდრე ივანიშვილის ბუღალტრები არიან მთავრობაში, რომელ წასვლაზეა საუბარი?" - ბედინეიშვილი

5ffc3ce7124b3
ინგა მურუსიძე
11.01.21 16:10
816
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს 6 გვერდიანი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

წერილში ივანიშვილმა პოლიტიკის გარდა სიღარიბის მაღალ დონზეც ისაუბრა, თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ „დამსახურება“ არ არის და წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა. ამასთან, ყოფილი პრემიერის თქმით, პოლიტიკიდან ამაყი მიდის და კვლავ კერძო სექტორში ინაცვლებს.

ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და მთავრობა გადაწყვეტილებების მიღებისას კვლავ მასთან „ირბენს“ აზრის მოსასმენად.

„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პერიოდს თუ შევხედავთ, ეს ბოლო 8 წელი არის ყველაზე უარესი პერიოდი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რაც არ უნდა ილაპარაკონ გახარიებმა და ივანიშვილებმა, რომ ეკონომიკური განვითარების გზით რაღაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს. ჩაიბარეს 1.65-იანი ლარი დოლართან და ახლა არის 3 ლარი 1 დოლარის ღირებულება. გვაქვს სერიოზული ეკონომიკური ვარდნა და ასე იყო არა პანდემიის შემდეგ, არამედ პანდემიამდეც“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

მისი შეფასებით, ივანიშვილს სასამართლო კვლავ ერთ კაცზეა დამოკიდებული და ივანიშვილს აქვს ჯიბეში, ამიტომ მის სადმე წასვლაზე საუბარი არასწორია.

„წინსვლებზე ივანიშვილი ნამდვილად ვერაფერს იტყოდა, რადგან ვეყრდნობით არა სიტყვებს, არამედ ციფრებს. ეკონომიკური ზრდა დაბალია, სიღარიბე - მაღალი - ამაში სადავო არაფერია. რა თქმა უნდა ეს რეალური წასვლა არ არის. ვიდრე მისი მოურავები, ბუღალტრები და დაცვის უფროსები არიან მთავრობაში, რა წასვლაზეა საუბარი? ესენი პირდაპირ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან.

მე ვფიქრობ, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში შედარებით უსაფრთხო იქნება მისთვის ეს მდგომარეობა. მას მიაჩნია, რომ საკმაოდ მყარი, მტკიცე კონტროლი აქვს როგორც მთავრობაზე, ისე სასამართლოზე და ბიზნესზე, უბრალოდ ფორმალურად მეტი დისტანცია ჩასვა მასსა და ქართულ პოლიტიკას შორის ფორმალურად. ამ ყველაფერს აკეთებს ქონების დასაცავად. მისი ქონება არ არის „ლაგუნა ვერე“ და „იპოდრომი“. მისი ქონება არის ინვესტირებული ფონდებში ევროპასა და ამერიკაში, მსოფლიო ბირჟებზე. მისი მოტივაცია არის ამ ქონების დაცვა პოტენციური სანქციებისგან. ანუ ივანიშვილი, სინამდვილეში არსად წასულა. როგორც აქამდე ეკითხებოდნენ ვინ დაენიშნათ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ახლაც ასე ირბენენ წულუკიანი და გახარია გადაწყვეტილებების მიღებამდე“, - აღნიშნა ეკონომისტმა.