10.თებერვალი .2020 13:32

"ვისაც ეს ეხება, უნდა იმუშაოს უფრო კარგად და სწრაფად”-სურგულაძე საინვესტიციო საბჭოზე

views 615
უკან

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე პოსტის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და რეფორმის საინვესტიციო ნაწილს აფასებს.

როგორც სურგულაძე ამბობს, უკვე საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ საინვესტიციო საბჭოს საინვესტიციო ოფიცერი დაენიშნა, რომელმაც თავის მხრივ, ის დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს, რის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირება მოხდება.

სურგულაძის განმარტებით, მათ, ვისაც ეს ნაწილი ეხება, უნდა იმუშაონ უფრო სწრაფად და მიზანმიმართულად იმისთვის, რომ მოხდეს დანაზოგების ინვესტირება და შემდგომ უკვე სარგებლის დარიცხვა, რისთვისაც რეალულად რეფორმა გატარდა.

„საკმაო დრო გავიდა; გასული წლის მაისში დაინიშნა საინვესტიციო საბჭო და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ყოფილიყო საკმარისი დრო, რომ საინვესტიციო ოფიცერი შერჩეულიყო და თანხებიც განთავსებულიყო არამარტო ფულად ინსტრუმენტებში, იმიტომ რომ, საქართველოში დღეს არის არამარატო - ფულადი, არის კორპორატიული ბონდები და დაიწყებოდა რეალური ეკონომიკის დაფინანსება. დღეს ფული დევს ისევ ბანკში და ისევ საბანკო კრედიტის სახით შედის ეკონომიკაში. შესაბამისად, მან, ვისაც ეს ეხება, უნდა იმუშაოს უფრო მეტი, უფრო კარგად და უფრო სწრაფად”, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

2019 წლის მიწურულს, საინვესტიციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე BM.GE-ისთან კომენტარი საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმაც გააკეთა.

“საინვესტიციო საბჭოს ოფიცრად დეგენერატს ხომ არ ავირჩევთ?! ეგეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, მაგრამ ავირჩიოთ დეგენერატი?! მიმდინარეობს მუშაობა, რომ ავირჩიოთ კარგი პროფესიონალი, რომელსაც შემდეგ ფულის მართვას ვანდობთ,”- აცხადებდა საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური.

იმის მიუხედავად, რომ საპენსიო რეფორმა ერთ წელზე მეტი ხნის წინ ამოქმედდა და ასიათასობით მოქალაქემ მასში უკვე არაერთი შენატანი განახორციელა, რეალურად დანაზოგების ინვესტირება ამ დრომდე არ დაწყებულა.

შეგახსენებთ: დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი არ აქვს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ინვესტირება არ ხდება, არის გარემოება, რომ საპენსიო სააგენტოს დღემდე არ ჰყავს არჩეული მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. სწორედ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვალდებულებას წარმოადგენს საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საფუძველზე გააკეთოს სააგენტოში აკუმულირებული თანხების ინვესტირება.

ცნობისთვის: bm.ge-მ უკვე მიმართა საპენსიო სააგენტოს კითხვით, თუ რა ვადაში შეიძლება დაინიშნოს საინვესტიციო ოფიცერი და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა