05.მაისი .2020 23:00

"ვისოლი": ძველი, ძვირიანი ფასის სტოკების ამოყიდვას რომ დაველოდოთ, ბაზრის ტრენდს ვერ გავყვებით

views 1205
უკან

გლობალური პანდემიის გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ფასები შემცირდა საქართველოში, საცალო ქსელებშიც, თუმცა თვალშისაცემია ფასთა შორის ის განსხვავება, რაც მომხმარებელს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე ხვდება. მართალია ბრენდირებული სადგურების შემთხვევაში ინფრასტრუქტურა გაცილებით განვითარებულია და მათი საოპერაციო დანახარჯებიც მეტია, თუმცა მომხმარებლის ქცევა ფასების მიმართ მაინც სენსიტიურია. მაგალითად, არაბრენდირებულ სადგურებში თუ რეგულარის ტიპის სწვავის ფასი 1 ლარი და 40 თეთრიდან იწყება, ბრენდირებულის შემთხვევაში იგივე ტიპის ბენზინი 1 ლარი 99 თეთრი ღირს.

ბრენდული, მსხვილი კომპანიების უმეტესობა ფასთაშორის სხვაობის მიზეზად, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ძველ, ძვირად შესყიდული საწვავის მარაგებს ასახელებს, რის გამოც საერთაშორისო ფასების, ქართულ ბაზარზე დროული ასახვა ვერ მოხერხდა.

იგივე მიზეზით გლობალურად ფასების ვარდნაზე რეაგირება დაგვიანდა "ვისოლშიც". კომპანიის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც მიზეზად ძვირ ფასად შესყიდული საწვავის მარაგებს ასახელებს.
მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების შემდეგ მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელეს.



მარტის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, რაც 14,7 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვასილ ხორავა იმპორტის ზრდას ასეთ ახსნას უძებნის:

„ქცევა კომპანიების და მათ შორის ჩვენი კომპანიის იყო ის, რომ მარტის თვეში მოსალოდნელი ეპიდემიიდან გამომდინარე გავაკეთეთ საკმაოდ აქტიური შევსება მარაგების, რადგან შეიძლება ყოფილიყო იმპორტთან დაკავშირებული ხელისშემშლელი ფაქტორები. ნებისმიერი გადაულახავი წინააღმდეგობის შემთხვევაში ეს მიზანშეწონილია. აქ შეიძლება ყოფილიყო როგორც ლოჯისტიკური ციკლის ჩავარდნა, ისე მწარმოებლის მხრიდან შეჩერება ქარხნის მუშაობის, ამიტომ მიზანშეწონილი იყო, რომ 2 თვის სამყოფი პროდუქტები წამოგვეღო.

ამის საპირწონედ დაგვხვდა ის, რომ აპრილის თვეში ძალიან შემცირდა რეალიზაცია და ამავე დროს აპრილში ძალიან ჩამოიწია ნავთობპროდუქტების ფასებმა. მივიღეთ ის სურათი, როდესაც კომპანიებმა მოახდინეს მარაგების შევსება და მეორეს მხრივ მივიღეთ საკმაოდ აქტიური ნაშთები, რომელიც იყო მაღალი ღირებულების. ამის გათვალისწინებით დაგვიგროვდა დიდი ნაშთი, რადგან გაადადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ ტემპი ფასების შემცირების, იყო შედარებით შენელებული, თუმცა პერიოდულად ჩვენ 5-10 თეთრით შევამცირეთ ფასები და ვაგრძელებთ დაკლებას“, - აცხადებს ვასილ ხორავა. 

კითხვაზე, კომპანია ამ ეტაპზე ძველი მარაგებიდან ყიდის პროდუქტს, თუ ახალი, შედარებით დაბალ ფასში შეძენილი მარაგებიდან, ხორავა გვპასუხობს:

„ორივე ერთად. ერთის მხრივ, რომ დავიწყოთ ლოდინი იმაზე, რომ ძველი, ძვირიანი ფასის სტოკების ამოყიდვას დაველოდოთ, ბაზრის ტრენდს ვერ გავყვებით. ჩვენი მიმართულებაა პარალელურად შემოვიტანთ ახალი ნაშთები, რაც საშუალებას მოგვცემს მოქნილები ვიყოთ და ამავე დროს ძველი ნაშთების რეალიზაციაც მოვახდინოთ.

ჩვენ ვიყენებთ როგორ ძველი ნაშთების რეალიზაციას, ისე ვახდენთ მიმდინარე პერიოდში ნაშთების შევსებას დაბალფასიანი პროდუქტებით, რა გზითაც ვახდენთ ფასების შემცირებას“-აცხადებს ხორავა.