მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბის“ 200 000-ზე მეტ კლიენტს უკვე ვემსახურებით" - „ბაზის ბანკი“

622226cda40f9
ელენე გოგბერაშვილი
04.03.22 21:00
1761
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსული საფინანსო სისტემისთვის სანქციების დაწესებამ საქართველოს საფინანსო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა. აღნიშნული სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ რუსული სახელმწიფო ბანკის - "ვითიბის" შვილობილ "ვითიბი ბანკ საქართველოზეც". იმისთვის, რომ ბანკის მომხმარებლები არ დაზარალდნენ "ვითიბის" კლიენტებს ახლა "ბაზისბანკი" და "ლიბერთი ბანკი" მოემსახურებიან.

კერძოდ, "ვითიბი ბანკი საქართველოსა" და სს "ბაზის ბანკს" შორის მიღწეული შეთანხმებით, "ვითიბიში" არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა. ახლა „ბაზისბანკი“ „ვითიბის“ კლიენტებს როგორც საკუთარ, ისე ვითიბის ფილიალებში ემსახურება, საუბარია 200 ათასზე მეტ კლიენტზე, რომელიც ბაზისბანკის მომხმარებლის რიგებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ კლიენტთა მიგრაციის პროცესში მომხმარებელს საბანკო ვალდებულებების მომსახურებისთვის "ბაზისბანკი" ერთთვიან საშეღავათო პერიოდს აძლევს.

„ფაქტობრივად, 3 დღეში მოვახერხეთ 200 000-სზე მეტი კლიენტის მიგრაცია და პორტირება "ბაზის ბანკში". ვსაუბრობ დაახლოებით, 600 მილიონის მოცულობის სესხებზე და 500 მილიონის დეპოზიტებზე. 200 000-სზე მეტ მომხმარებელს უკვე ვემსახურებით როგორც - ჩვენ, ისე "ვითიბის" ფილიალებში. ვიტოვებთ "ვითიბის" ფილიალების ქსელს, რა თქმა უნდა, თავისი თანამშრომლებით, რომელიც ჩვენთვის ყველაზე დიდი აქტივია. დაახლოებით, 500 თანამშრომელი დაემატება ჩვენს გუნდს და ფილიალების ქსელი 37 გახდება. იყო ლოკაციები, სადაც ფილიალები ერთი და იგივე ადგილზე გვქონდა. მათი მოდიფიცირება მოხდება, მაგრამ თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ამ ფილიალებში, აბსოლუტურად ყველას შევინარჩუნებთ.

იქმნება საკმაოდ ძლიერი, უფრო დიდი ბანკი. გვაქვს ამბიცია უახლოეს მომავალში სამეულში მყარად დავიმკვიდროთ ადგილი და ამისთვის არ დავიშურებთ ძალებს“, - აცხადებს "ბაზისბანკის" კომერციული დირექტორი გიგი გაბუნია.