04.მარტი .2022 18:50

"ვითიბის" 5 000 კლიენტის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი გადმოვიბარეთ - "ლიბერთი"

"ვითიბის" 5 000 კლიენტის  საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი გადმოვიბარეთ - "ლიბერთი"
views 1880
უკან

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსული საფინანსო სისტემისთვის სანქციების დაწესებამ საქართველოს საფინანსო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა, რადგან აღნიშნული სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ რუსული სახელმწიფო ბანკის „ვითიბის“ შვილობილ "ვითიბი ბანკ საქართველოზეც". იმისთვის, რომ ბანკის მომხმარებელი არ დაზარალებულიყო, ვითიბის კლიენტებს ახლა „ბაზისბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ემსახურებიან.

კერძოდ, "ვითიბი ბანკი საქართველოსა" და სს "ბაზის ბანკს" შორის მიღწეული შეთანხმებით, "ვითიბიში" არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტები და სესხების გარკვეული ნაწილი გადაიბარა "ლიბერთიმ". ამიერიდან „ვითიბი ბანკი საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს "ლიბერთი ბანკი" თავის ფილიალებში მოემსახურება.

როგორც "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, ჯამში საუბარია 600 მილიონის ღირებულების საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელზე, რომელიც „ვითიბიდან“ „ლიბერთი ბანკში“ გადავიდა. ვაჟა მენაბდის თქმით, მათ, ვინც „ვითიბიში“ ამ პორტფელს მართავდა, "ლიბერთი“ ყველას მათთან დასაქმებას სთავაზობს.

„ჩვენი შეთანხმება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტების პორტფელების გადმოცემას ლიბერთი ბანკისთვის. დაახლოებით, საუბარია 300 მილიონის საკრედიტო პორტფელზე და ამდენივე მოცულობის სადეპოზიტო პორტფელზე. რაღაც პერიოდის განმავლობაში, როდესაც მიგრაციის პროცესი დასრულდება, კლიენტები თავისი ანგარიშებით პირდაპირ გადმოვლენ "ლიბერთი ბანკის" ბალანსში და მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ლიბერთი ბანკიდან როგორც საკრედიტო, ისე საოპერაციო, სადეპოზიტო კუთხით და ნებისმიერი სხვა მიმართულებით. დაახლოებით, 5 ათას კლიენტზეა საუბარი, რომელთა გადმოწერა მოხდება ტექნიკური მიგრაციის პროცესით ერთი ბანკის ბალანსიდან მეორეზე. ამას გარკვეული დრო სჭირდება, დაახლოებით, ერთკვირიანი პროცესია, ვმუშაობთ უკვე ამაზე, ტექნიკური სამუშაოები დაწყებულია და გვინდა, სწრაფად დავასრულოთ.

ჩვენ ახალ ანგარიშებს მივაწვდით მომხმარებელს, რომლითაც გააგრძელებs ოპერაციების განხორციელებას. ნაშთები, პროდუქტების პირობები, ყველაფერი იგივე დარჩება და შეძლებენ როგორც სასესხო პროდუქტებით სარგებლობას, ისე ნებისმიერი სხვა ტიპის პროდუქტით.

ის ხალხი, ვინც ამ კლიენტებს ემსახურებოდა და მართავდა ამ პორტფელს, აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დასაქმებას "ლიბერთი" ბანკში. არცერთი არ დარჩება ჩვენი შეთავაზების გარეშე“, - აცხადებს ვაჟა მენაბდე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა